“მაქსიმალურად ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ექიმის უკანონო პატიმრობა” – დავით ზალკალიანი

“არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ მობილიზებას.

“ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებასთან მუდმივად მქონდა კომუნიკაცია, ასევე ბატონი ვაჟას ოჯახთანაც და ყველამ კარგად იცის, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟას უკანონო პატიმრობა”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

“რა თქმა უნდა მოლოდინი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე გუშინ მქონდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იყო ის, რომ ბატონი ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს იმ განცდის საშუალება, რომ ჩვენ არ გავაგრძელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტად აქტიური ჩართულობა და ჩვენ ამას ვაკეთებთ გუშინდელი დღიდან, რომ გაძლიერდეს ზეწოლა, რათა ბატონი ვაჟა დროულად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები