ზაფხული ახლოვდება, “მარშუტკებში” კონდიცირების პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს – თბილისის მერი 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ​მაია ბითაძესა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძეს დაავალა, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იზრუნონ იმაზე, რომ მოქალაქეებს კომფორტულად მგზავრობის პირობები ჰქონდეთ. კერძოდ, საუბარია ე.წ. ყვითელ მარშუტკებში კონდიცირების სისტემის გამართულ მუშაობაზე.

​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ზაფხულის სეზონის დადგომამდე ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს და თბილისის მერს ამ საკითხზე აღარ დასჭირდეს, ზედმეტად განმარტებების გაკეთება.

“ახლოვდება ზაფხულის სეზონი, დაიწყეთ მოლაპარაკებები ე.წ. ყვითელი მარშუტკების მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელებთან, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა, რომ ადამიანები უნდა იყვნენ ელემენტარულად კომფორტულ გარემოში და კომფორტულად მგზავრობის საშუალება ჰქონდეთ.

დღესვე დაიწყეთ მოლაპარაკებები, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო და არ დაგვჭირდეს ხელმეორედ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. მათ აქვთ დრო და შესაძლებლობა იმისა, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები