მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ შეძლებს

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანამშრომლებმა საპილოტო არეალის მცხოვრებლებს სისტემური რეგისტრაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. საუბარია, როგორც საკარმიდამო, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწების დარეგისტრირებაზე.

​მათივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სოფელ ვედიდკარის საპილოტო არეალზე პროექტის საველე-ტექნიკური სამუშაოები ნოემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მომზადდება მიწის ნაკვეთების აზომვით – აგეგმვითი ნახაზები, მიწის ნაკვეთებზე  საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციები შეგროვდა.

“პროექტით დაინტერესებული პირები მიწაზე საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკითხებზე ადგილზევე მიიღებენ კონსულტაციას. ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ მოძიებული ინფორმაცია სამართლებრივად დამუშავდება”, – განმარტავენ საჯარო რეესტრში.

აღსანიშნავია, რომ საპილოტო პროექტი მიმდინარეობს 2017 წლის ივლისიდან და ქვეყნის მასშტაბით 12 არეალზე ხორციელდება: კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი), ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი), საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).

მსგავსი თემები