თანამდებობის მიუხედავად თითოეული მონაწილის დასჯა აუცილებელია – ირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტზე

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძე,  მარნეულში  მომხდარ  ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და თანამდებობისა, თითოეული მონაწილე უნდა დაისაჯოს და ამას ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განაცხადა,  მარნეულის ინციდენტში, ადგილობრივი თანამდებობის პირების გარდა, სავარაუდოდ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.

“უდანაშაულობის პრეზუმციას ჩვენ ბუნებრივია ვიცავთ,”, – განაცხადა კობახიძემ და დეპუტატებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შესული წერილი გააცნო:

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის შესახებ“ სქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილია დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერსულეიმანოვის ბრალდების შესახებ. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის 11 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურამ სამართლებრივი დევნა რამდენიმე პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია ქალაქ მარნეულის მერი.

მსგავსი თემები