მარნეულის მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ისინი კარანტინს აპროტესტებენ და სურსათის რეალიზაციას ითხოვენ

ამ წუთებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, საკუთარი მოწეული პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ის უფუჭდებათ.  ადგილზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულიც იმყოფება.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მართულია.

“ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისაგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია არსებობს, კომუნიკაცია შედგა სადისტრიბუციო კომპანიასთანაც და სურსათი სარეალიზაციოდ უფრო დიდი მოცულობით გავა.

მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქციას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან.

„ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

აქციის მონაწილეებმა გზაც კი გადაკეტეს.

მსგავსი თემები