მარნეულის მერის წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა – ადვოკატები მთავარ პროკურორს მიმართავენ

ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების განხორციელების ბლადებით  დაკავებული  მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლო ინციდენტამდე გარკვეული ხნით ადრე, მერის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი, თუმცა, მაშინ ეს ფაქტი თემურ აბაზოვს არ გაუხმაურებია.

დაცვის მხარე მომხდარს, აბაზოვის მიერ მარნეულში გატარებულ რეფორმებს უკავშირებს, რამაც გარკვეული ჯგუფებისა და პოლიტიკური ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია და ახალდანიშნულ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მოუწოდებენ,  აბაზოვის საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ​აბაზოვის ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და  მერაბ ჩიქოვანმა დღეს განაცხადეს,​ აბაზოვის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მათ მოწმეებისგან შეიტყვეს და ამ საკითხზე თავად ბრალდებულთან ჯერ არ უსაუბრიათ. ამ ეტაპზე განაგრძობენ მტკიცებულებების მოპოვებას და  ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში საზოგადოებას, სამართალდამცავ ორგანოებს სრულ ინფორმაციას წარუდგენენ.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმეში დაზარალებულ პირად ცნობილი ელჩინ ალახვერდოვი  გარკვეული ჯგუფების მიერ იმართებოდეს და იმ პროცესების ნაწილი იყოს, რომელიც ბოლო ხანებში აბაზოვის წინააღმდეგ მიდიოდა.

ადვოკატ გიგი მოსიაშვილის თქმით, დაცვის მხარის მიერ გამოიკითხა არა ერთი მოწმე, თემურ აბაზოვის მიერ მარნეულის მერობის პერიოდში განხორციელებული, განსახორციელებელი და არსებული პროექტების შესახებ და დაადგინეს, რომ მერად არჩევის შემდეგ, აბაზოვმა ბრძოლა გამოუცხადა ნეპოტიზმს, კორუფციულ გარიგებებს, მიწების არაკანონიერად მითვისებას, უკანონო მშენებლობებს, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას და გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები.

“როგორც ერთ-ერთი გამოკითხული პირი განმარტავს, აბაზოვმა მიზნად დაისახა რეგიონის განვითარება კორუფციის და ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო გარიგებების გარეშე, რეგიონში უზრუნველყო ტექნიკის შეყვანა, შშმ პირები იღებდნენ უფასო მომსახურებას. ამ სიტუაციაში, აბაზოვმა კეთილის მსურველებთან ერთად ბევრი მტერი შეიძინა, რომლებმაც გადაწყვიტეს მისი მოშორება. თითქმის ერთი თვის განმავლობაში აწვდიდნენ მას ინფორმაციას, მის მიმართ რეგიონში ვითომდა უარყოფითი განწყობის შესახებ და სოციალურ ქსელში  კრიტიკული სტატუსები ვრცელდებოდა. სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე აბაზოვს თმენის ვალდებულება ჰქონდა და არც ერთ ამ პროვოკაციაზე მას რეაგირება არ მოუხდენია. ამ ვითარებაში, ვითომდა “ქართულ ოცნებაზე” და შესაბამისად მარნეულის მერზე განაწყენებული პირის მხრიდან მსხვერპლის შექმნა აზრს მოკლებული არ იქნებოდა, რაც განხორციელდა კიდეც”, – აცხადებენ დაცვის მხარის ადვოკატები.

​მათივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” და აბაზოვის ოჯახის მაგინებელი ვიდეო არაერთხელ გადაუგზავნეს აბაზოვს, იმ მიზნით, რომ ახალგაზრდა მერი წონასწორობიდან გამოეყვანათ, რაც საბოლოოდ ვერ შეძლეს და მოიფიქრეს ის სცენარი, რაზეც მოგვიანებით ბრალიც კი წარედგინა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევი, როგორც დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებენ, ამ პირს წარსულში ანალოგიური ხასიათის ქმედებები ჰქონდა ჩადენილი, როდესაც ის ცილს სწამებდა ადამიანებს და შემდგომ ბოდიშებს იხდიდა და უარყოფდა.

ალახვერდიევი ყველაფერზეა წამსვლელი, რეალური ეჭვი გვაქვს, რომ მას ამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში იყენებენ გარკვეული პირები”, – აცხადებს ადვოკატი  მერაბ ჩიქოვანი.

მსგავსი თემები