„მაჟორიტარული სისტემა ქვეყნის მტერი არ არის, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, მხარს ვუჭერთ პროპორციულ სისტემას“ – გია ჟორჟოლიანი

„სოციალ-დემოკრატები“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ალტერნატივას ვერ ხედავენ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ. როგორც პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

„ჩვენს პარტიას, პროგრამაში უწერია, რომ მხარს ვუჭერთ პროპორციულ სისტემას, მაგრამ, განსხვავებულს იმისგან, რაც დღეს  არის წარმოდგენილი. ყველა შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, იქნება ბლოკები თუ მის გარეშე; იქნება 0%-იანი ბარიერი თუ გარკვეული პროცენტი. ამავდროულად,  გვაქვს წინადადება, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე შესაფერისია საქართველოში არსებული ვითარებისთვის, დემოკრატიისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის. ეს არის მრავალ მანდატიან საარჩევნო ოლქებში პროპორციული სიები შეიქმნას,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ერთ-ერთი ხიფათი, რასაც “სოციალ-დემოკრარები” პროპორციულ სისტემაში ხედავენ, არის ის, რომ შესაძლოა, პარტიულ სიებში, რეგიონების წარმომადგენლები არ აღმოჩდნენ. “რეგიონების თემატიკა ქვეყნის განვითარებას ნიშნავს და თუ რეგიონებისთვის პარტიულ სიებში ადგილი არ აღმოჩნდება, ეს იქნება ძალიან ცუდი და დამღუპველი” – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.    

„სოციალ-დემოკრატები“ საკუთარი ინიციატივის პარლამენტისთვის წარდგენას და განხილვას გეგმავენ.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შექმნას, გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ეს მართლაც ასე მოხდეს.   

„ზოგადად, მაჟორიტარული სისტემა და ერთ მანდატიანი ოლქები რომ დემოკრატიის მტერია, ეს მართალი არ არის, მაგრამ, ჩვენს ვითარებაში, ეს სისტემა ბევრი მანკიერებით ხასიათდება. ამიტომ, მივესალმებით პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები