“მანქანა გააჩერეს, რამდენიმე პირი გაიქცა, ალბათ ეგონათ, რომ ჩხუბს დაიწყებდნენ” – რას ჰყვება შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ავტომობილის მფობელის ადვოკატი

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი  შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ დრომდე არავის მიმართ არ დაწყებულა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, გამოკითხულია 50 მოწმე, ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ბინასა და ავტომობილში. აქამდე საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, რასაც კიდევ ერთი, ძალადობის, მუხლი დაემატა.

შსს-ს ბრიფინგის შემდეგ შაქარაშვილის ბიძამ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მან იმ  დეტალებზე ისაუბრა, რაც ამ ეტაპზე ძიებისთვისაა ცნობილი

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარში ორი ავტომობილი ფიგურირებდა, ორივე ავტომობილი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული. აქედან ერთ-ერთი ავტომობილით ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი ჩამოიყვანეს თბილისში.

ავტომობილის მფლობელის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ავტომობილის მფლობელმა გურის უბრალოდ დახმარება შესთავაზა და თბილისში ჩამოიყვანა. 

“ამ მანქანით გადაადგილების შემდეგ დაინახეს, რომ ვიღაც პიროვნებები ფეხით მოდიოდნენ, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მანქანას მართავდა. მანქანა გააჩერეს, რამდენიმე პირი გაიქცა, ალბათ ეგონათ, რომ ჩხუბს დაიწყებდნენ. დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც დახმარება შესთავაზეს, რომ თბილისში წაიყვანდნენ. ეს ადამიანიც ჩაჯდა მანქანაში და გაიყოლეს,”- განაცხადა უფლებადამცველმა.

საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში გუშინ იპოვეს.

მსგავსი თემები