მამუკა ხაზარაძის „ლელო“ ანაკლიაში, გალაქტიონ ტაბიძის მოტივებზე დაფუძნდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით დაფუძნებულია. მან, საპრეზენტაციოდ, ადგილი, სიმბოლურად, ანაკლია შეარჩია და ასევე სიმბოლურად, პრეზენტაცია გალაქტიონ ტაბიძის მოტივებზე ააწყო.

„მშობლიურო ჩემო მიწავ“ – გალაქტიონ ტაბიძის ეს ლექსი წაიკითხა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში და ესეც სიმბოლური გათვლა იყო.

„ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს. ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან; ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად, ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია – ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია“ – განაცხადა  მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაციაზე.

გუნდი, რომლის დასახელების მოლოდინი დღესვე იყო, მამუკა ხაზარაძეს არ დაუსახელებია.  ცნობილია, რომ „ლელოს“ გატანას მამუკა ხაზარაძესთან ერთად შეეცდებიან იურისტი და საია-ს ყოფილი თავმჯდომარე  კახა კოჟორიძე და   იურისტი და ასევე საია-ს ყოფილი თავმჯდომარე  ანა ნაცვლიშვილი.  გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის „ლელოში“ საია-ს კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე მოიაზრება.        

მსგავსი თემები