მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დღეს უშედეგოდ ცდილობდა განჩინების მიღებას, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვისაა საჭირო.

„2019 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოეცხადათ მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სსსკ-ს 207-მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში, შესაძლოა, აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე”.

27 ივლისს, მთელი დღეა დაცვის მხარე ცდილობს დასაბუთებული განჩინების მიღებას. 21:00 საათზე სასამართლოდან განგვიმარტეს, რომ განჩინება მზად არ არის და მისი მიღება მხოლოდ 28 ივლისს, დილით შეგვეძლება. შესაბამისად, დაცვის მხარეს რჩება რამდენიმე საათი დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად. არის სამი ვარიანტი: 1.სასამართლოს ფორმალობად მიაჩნია ბრალდებულების გასაჩივრების უფლება, იმ მოტივით, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. 2.ვერ ასაბუთებს განჩინებას. 3.შეგნებულად ხდება ბრალდებულების და დაცვის მხარის ჩაყენება ცაიტნოტის მდგომარეობაში.

მიზეზის მიუხედავად, აღნიშნული წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას. კერძოდ, მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება 3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად”, – წერს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა დასჭირდებათ.

მსგავსი თემები