მამუკა ხაზარაძე: ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს პატიოსნება და კანონმორჩილება

„თი-ბი-სის“ დაარსების დღიდან, ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, „თი-ბი-სი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სამეთვალყიურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “რუმსში” გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, მზადაა, ეროვნულ ბანკთან ერთად, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს გამოსავლის ძიება.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებას, პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. “თი-ბი-სის” დაარსების დღიდან, ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, „თი-ბი-სი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა  მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი, მოითხოვს, თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ საბჭოს დატოვოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კი, „თი-ბი-სი ბანკის“ წინააღმდეგ, გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიების მასალებით, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით კი მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა „თი-ბი-სი ბანკისთვის“ არ აუნაზღაურებიათ.

მსგავსი თემები