მამუკა ხაზარაძე: დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს

“ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, მინდა ამაზე ხაზგასმით გითხრათ” – ამის შესახებ “თი-ბი-სი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, საგანგებო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ბოლო ხუთი წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა ე.წ. პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა, ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს და ჩვენ ველოდებით ფინანსურ თანხმობას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი მაისი-ივნისის თვეში.

ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვებმა, რომელიც Google-ში და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს, მე და ბადრის რაღაც კავშირში გვაქვს რაღაც დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ.

ამავე დროს მინდა გითხრათ, მინდა ძალიან გულწრფელი და ობიექტური ვიყო თქვენ მიმართ, რომ სახელმწიფო ამავე დროს, მხარში გვიდგას. ცოტა გვაშფოთებს ეს მომენტი, რომ ერთის მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საქმე ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენს ქვეყანას და სამომავლო პერპექტივას.

“ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მე გითხარით იმის შესაძლებლობა, რომ მაისში და ივნისში ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო მსოფლიოს ექვსი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან. 600 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამითაც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან.

ახლაც ისე იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, თუ რა თქმა უნდა, ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. საქმე აღარ ეხება „თი-ბი-სის”, ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, ყველა დაინტერესებულ მხარეს და პარლამენტს იმიტომ მოვუწოდეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე – ბიზნესი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი თემები