მამუკა ბახტაძე: „ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა“

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ საბოლოოდ მოახერხა კონტროლისა და ბალანსის სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება და ქვეყანაში დემოკრატიული წინსვლა შეუქცევადი გახდა. მან ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, რომელიც ვენეციის შეფასებით, დემოკრატიის ევოლუციას ემსახურება და დადებითი ნაბიჯია ქვეყნების საკონსტიტუციო წეს-წყობილების კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც დემოკრატიის პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეფუძნება.

„ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გულისხმობს 2024 წლიდან სრულად და სუფთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მანამდე საქართველო მნიშვნელოვან გარდაქმნის პროცესს გადის. ყოველივე ეს უკეთეს პოლიტიკურ ბალანსს შექმნის, მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის უკეთეს შანსებს მისცემს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, მთავრობას მეტი კონსენსუსი დასჭირდება პოლიტიკის შემუშავებისას. ეს ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და ამ კურსიდან არასოდეს გადავუხვევთ,“ – განაცხადა პრემიერმა ბახტაძემ

მან ევროსაბჭოს წინაშე ყურადღება გაამახვილა და სიამაყით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად 2018 წელს ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი. მისი განმარტებით, ეს არის უდიდესი მიღწევა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ახალი თავი იწერება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ახალი პრეზიდენტის არჩევით ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რამაც ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო დემოკრატიას.

„ საქართველოს პარლამენტი გახდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ძლიერი პარლამენტი კი ნიშნავს ძლიერ საპარლამენტო ზედამხედველობას. ამიტომ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულება. გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია  ყველა მოქალაქის ინფორმირება ჩვენი მიმდინარე ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ. განზრახული გვაქვს მეტად გავაძლიეროთ და განვავითაროთ ეს მიმართულება და მეტი ანგარიშვალდებულება ვიკისროთ,“ – განუცხადა ევროპელ კოლეგებს მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები