მამუკა ბახტაძე ოს და აფხაზ მოქალაქეებს – „ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მტკივნეულ საკითხზე. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყანა კვლავ იმყოფება ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე. ბახტაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,  გვყავს 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი, ყოველდღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას.

„ეს სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა – ამ ტერმინის ყველა განზომილებით. ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა. შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია,“ – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

მან ევროპელ კოლეგებს შეახსენა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონოდ დაკავება და მისი ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალება. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი დივერსიებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს ქართული მხარის მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს. პრემიერის თქმით, ეთნიკური დისკრიმინაციის გზით რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა და იქვე დასძინა, რომ ეს არასდროს მოხდება.

პრემიერმა აქვე მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის და ევროპელ საზოგადოებას გააცნო მთავრობის სამშვიდობო ინივიატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„ამ სამშვიდობო ინიციატივით ვცდილობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები  გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ. დღეს ამ სცენიდან მინდა ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს – ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება – თქვენთან ერთად მოიაზრება – მშვიდობიან და კეთილდღეობით გაერთიანებულ  საქართველოში,“ – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე აპელირებისათვის და პოლიტიკურ  დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საკითხზე მინისტრთა კომიტეტის წლიური გადაწყვეტილებისთვის და გენერალური მდივნის კონსოლიდებული ანგარიშებისთვის. დიდად ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას, განსაკუთრებით რწმენის განმტკიცებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ თემებს შორის ხიდების აგების მიმართებით, ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის იმის გაცხადებით, რომ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სუვერენული და ევროპული ერი!“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები