მამუკა ბახტაძე: „ლადო კახაძემ სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა“

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის რაიონში ლადო კახაძის წარდგინებაზე  ამომრჩეველს კონსოლიდაციისა და ერთსულოვნებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ძალა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები.

„დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო. საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა. ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა – ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს მე ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვის განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა,“ – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

როგორც მან ღნიშნა, შარშან „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში მოქალაქეებისგან მიიღო კონკრეტული გზავნილი, რომ საზოგადოება ელოდება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს. პრემიერი ამომრცეველს დაპირდა, რომ უსწრაფესად იქნება მიღწეული სწრაფი და ხელშესახები შედეგები. მან გამოსვლის დასასრულს მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლადო კახაძის ღირსებებს და უპირატესობებს გაუსვა ხაზი.

„ ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება. მე დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლება ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები