მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოზე მისი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა

დღეს ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილე და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნა.

მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს სხდომაზე გამოსსვლა 9 აპრილის მოკლე აღწერითა და მისი მნიშვნელობის ხაზგასმით დაიწყო. ამით ევროსაბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთი დიდი ხანია ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას და ქართველ ხალხს რუსული აგრესიის მოგერიება წლებია უწევს.

„გუშინ, 9 აპრილს, საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა ჯარის მიერ ტანკებისა და იარაღების გამოყენებით. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ ყოფილა დაკარგული. იმ ტრაგიკული მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ. ზუსტად ამ მიზეზის გამო ჩემი დღევანდელი გამოსვლა თქვენს წინაშე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას,“  – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე მას შემდეგ წარსდგა, რაც  სხდომათა დარბაზში ​ანსამბლმა „რუსთავმა“ „ჩაკრულო“​​ შეასრულა. პრემიერ-მინისტრმა დარბაზთან მისალმების შემდეგ ხაზი გაუსვა ქართული სიმღერის პოლიფონიურობას და განმარტა, რომ ქართული სიმღერა უნიკალურია მრავალხმიანობით და ის არის ქართული ეროვნული იდენტობის ძალიან ძლიერი მარკერი.

მსგავსი თემები