„მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის შვილი დააკავეს, მკვლელობის იარაღი მამასთანაა, თუმცა, პროკურატურა არ ინტერესდება“ – ადვოკატი

მამა – დავით ბალახაძე, შვილი – გიორგი ბალახაძე, მოკლული პირი – გიორგი ადუაშვილი.  მკვლელობა 2019 წლის იანვარში მოხდა. ადუაშვილი დანის ერთი დარტყმით გარდაიცვალა. მამა ამტკიცებს, რომ მან დაჭრა ადუაშვილი და მკვლელობის იარაღსაც ის ინახავს, თუმცა, პატიმრობაში, ამ დრომდე, მისი შვილი რჩება. ოჯახი და დაცვის მხარე გამოძიების დაწყებას მამის მიმართ მოითხოვს.

ამ თემაზე, გიორგი ბალახაძის დედამ და დავით ბალახაძის მეუღლემ, ადვოკატ ნონა ფილაურთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა.

„მკვლელობა 2019 წლის 29 იანვარს მოხდა. ამ მკვლელობაში ბრალდებული გახლავთ გიორგი ბალახაძე. დღის საათებში, ბალახაძის სახლში, ახალგაზრდებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გარდაცვლილმა ადუაშვილმა ბალახაძე სცემა. საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათზე, გაბრაზებული გიორგი ადუაშვილი  გიორგი ბალახაძეს სახლში მიეჭრა. ეზოს კარი მამამ – დავით ბალახაძემ გააღო. იქვე, კართან, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, მათ შორის დაპირისპირება მოხდა, დავით ბალახაძემ ადუაშვილი დაჭრა.  გიორგი ადუაშვილი დაბრუნდა უკან, რომელიც  გიორგი ბალახაძის სახლიდან 300 მეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს“ – აღნიშნა ადვოკატმა ნონა ფილაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

მომხდართან დაკავშირებით, ბალახაძეების ოჯახის სამი წევრი – მამა და ორი შვილი დააკავეს. მოგვიანებით, მამა და ერთი შვილი გამოუშვეს, ხოლო გიორგი ბალახაძე, ვისთანაც გარდაცვლილს სუფრასთან დაპირისპირება მოუვიდა, პატიმრობაში დატოვეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გიორგი ბალახაძის პატიმრობაში დატოვების მიზეზი კი მამის ჩვენება გახდა, რომელიც მან გამოძიების რჩევით მისცა.

„დაკავებისთანავე, მამამ თქვა რომ მან დაჭრა გიორგი ადუაშვილი. თუმცა, ყურადღება არავინ მიაქცია. საბოლოო ჯამში, დღეს ბრალდებულის სკამზე ზის გიორგი ბალახაძე. მამამ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აღიარა დანაშული, მერე მისცა შვილის სამხილებელი ჩვენება. სასამართლოს მიმდინარეობის დროს, მამამ აღიარა მის მიერ ჩადენილი მკვლელობა და შვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შემდეგნაირად განმარტა:  მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ დაპირდნენ, მის შვილს მოგერიების ფარგლებში წაუყენებდნენ ბრალს. ასევე, დააშინეს, რომ ჯგუფური მკვლელობისთვის წაუყენებდნენ ბრალს. თუმცა, ის მოატყუეს. პროკურატურისთვის კი შვილისთვის დანაშაულის დაბრალება უფრო მარტივი იყო, ვიდრე მამისთვის, რადგანაც, დღის განმავლობაში, ადუაშვილს დაპირისპირება სწორედ შვილთან ჰქონდა,“ – აღნიშნა ნონა ფილაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ოჯახი და ადვოკატი ითხოვენ, გამოძიება მამის წინააღმდეგ დაიწყოს.

„წარმოგიდგენიათ, ამგვარი ნონსენსი, მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს შვილი იხდის. მამა აღიარებს დანაშაულს, აღწერს მკვლელობის გარემოებას და დეტალურად ყვება, როგორ დაარტყა მან დანა ადუაშვილს, ასევე ამბობს, რომ მკვლელობის იარაღი მას აქვს და შეუძლია წარმოადგინოს, თუმცა, პროკურატურა ამით არ ინტერესდება. არც მკვლელობის იარაღი ამოუღიათ“ – აღნიშნა ადვოკატმა ნონა ფილაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.       

ბალახაძეების ოჯახის დიასახლისი, დავით ბალახაძის მეუღლე და გიორგი ბალახაძის დედა ელენე ციხელაშვილი ითხოვს, უდანაშაულო ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

„როცა ეს ამბავი მოხდა, საქართველოში არ ვიყავი,  საბერძნეთში ვიმყოფებოდი.  მოვითხოვ, რომ სამართალი აღდგეს. ჩემი შვილი უდანაშაულოა. დამნაშავეც ჩემი ოჯახის წევრის, ისიც ჩემი მეუღლეა, მაგრამ ჩემი შვილი უდანაშაულოა და არ უნდა დაისაჯოს.  მთავარია, სამართალი იყოს. ჩემს მეუღლეს  9 თვეა ბალიშზე თავი არ დაუდია, რადგან ის არის დამნაშავე და პატიმრობაში შვილი ჰყავთ“ – განაცხადა ელენე ციხელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები