„მამაკაცის გარდაცვალებას წინ უძღოდა გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა“ – მარიამ ჯიშკარიანი

წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათია“ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

„არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც წინ უძღოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა“ – ასე შეაფასა ცენტრის დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ცენტრი „ემპათია“ თავისი სამართლებრივი დეპარტამენტის და საექსპერტო დეპარტამენტის მეშვეობით აწარმოებს ამ საქმის ადვოკატირებას. ამ ეტაპზე ჩატარებულია პირველად ექსპერტიზა „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში“ ჩვენი ექსპერტის ირაკლი თოიძის მონაწილეობით. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს არაადამიანურ მოპყრობასთან, რასაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზაზე“ – აღნიშნა ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს არაადამიანურად ეპყრობოდნენ: „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის საკმაოდ არაადამიანური პირობებში იმყოფებოდა ე.წ. კარცერში, პატიმრობის ოთახში, სადაც პრაქტიკულად გაეროს მინიმალური სტანდარტებიც კი არ არსებობს. მამაკაცის გარდაცვალებას წინ უძღოდა გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა. ეს გამოძიების და საბოლოო ექსპერტიზის შემდეგ იქნება ცხადი. ჩვენ გვაქვს საქმე არაადამიანურ მოპყრობასთან. იყო ეს ადამიანის მკვლელობა თუ სუიციდი, ნებისმიერ შემთხვევაში ამ სუიციდს წინ უძღოდა რაღაც, რაც ადამიანი მიიყვანა ამ ზომამდე“ – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ცენტრი გეგმავს, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანოს.

„სამართლებრივად ეს არის საერთაშორისო სტანდარტების და გაეროს კონვენციის დარღვევა, ასევე, ევროპული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. ჩვენ ამ საქმეს შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, ასევე ველოდებით სისხლის სამართლის საქმის მასალებს, როს შემდეგაც საერთაშორისო სტანდარტებით კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა ჩატარდება. სწორედ სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული ექპერტიზა გასცემს პასუხს შეკითხვას – თუ რასთან გვქონდა საქმე,“ – აღნიშნა ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, საერთაშორისო ფორმატების გამოყენებით, რუსეთსაც ფედერაციასაც მოუწევს, ჩაატაროს გამოძიება.

მსგავსი თემები