მაკრონისგან თავი შორს დაიჭირეთ – ფრანგი „ყვითელჟილეტიანების“ გზავნილი საქართველოს პრეზიდენტს

საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით დაწყებული დემონსტრაციები საფრანგეთში, 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე მიმდინარეობს.

„ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილ აქტივისტებს ოფიციალური წარმომადგენლებიც ჰყავთ. ინტერნეტ-სივრცეში კი შექმნილია პეტიცია, რომელსაც მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მაინც ვინ არიან ყვითელ ჟილეტს ამოფარებული ფრანგები? მართლაც ფასების ზრდითა და ყიდვისუნარიანობის შემცირებით შეწუხებული მშვიდობიანი მოსახლეობა? ქვეყანაში არეულობის შემომტანი ადამიანები, თუ ოპოზიციის მიერ წაქეზებული ხელისუფლების ოპონენტების დიდი არმია, რომლებსაც ემანუელ მაკრონის გადაგდება სურთ? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ემიგრაციაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა დიანა ჭანკოტაძემ გადაწყვიტა, ერთი დღე „ყვითელჟილეტიანებთან“ გაეტარებინა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„2018 წლის 17 ნოემბერს საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდით უკმაყოფილო რამდენიმე მოქალაქემ, სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საწინააღმდეგო აქცია დააანონსა. აქციის საპროტესტო სიმბოლოდ ყვითელი ჟილეტი გამოაცხადა და რამდენიმე დღეში მსგავსი აქციები მთელ ქვეყანას მოედო.

პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდა ყველა, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, სახელმწიფო მოხელე თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ციხეებიდან ახლად გათავისფულებული მსჯავრდებულები თუ უბრალოდ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველი ვითომდა პროტესტს ამოფარებული ხალხი. გამოვიდნენ და პროტესტის გამოხატვასთან ერთად, საფრანგეთს, კერძოდ კი, პარიზს საკმაო ზიანიც მიაყენეს. იყო ძალადობა, ორივე მხრიდან. პოლიცია დაუნდობლად იჭერდა მას, ვინც მის ბადეში მოყვებოდა, აქციის მონაწილენი კი, ასევე დაუნდობლად არბევდნენ ღირსშესანიშნავ ადგილებასაც კი. იყო, სისხლიც, გარდაცვლილებიც…

ჩემი რეპორტიორობის მთელი საიდუმლო იმაშია, რომ არა გვერდიდან დავაკვირდე და გადავცე მოვლენა, არამედ მისი მონაწილე გავხდე და საკუთარ თავზე გამოვცადო ის, რაც მოვლენას ისტორიად აქცევს.

საფრანგეთში მცხოვრები, ცხადია ყვითელჟილეტიანებს გზას ვერ ავუვლიდი და ერთი კვირის წინ, ქვეყნაში გამოცხადებული მეთხუთმეტე საპროტესტო შაბათის მათთან გატარება გადავწყვიტე.

დილით, მანქანაში მოთავსებული ყვითელი ჟულეტი საგულდაგულდ გადავიცვი და გზას გავუყევი. გეზი საფრანგეთის ყველაზე დაბალი ალპური ზონის ვიჟის მთებისკენ ავიღე. სოფელ სანდიკაში (სიმბოლური დამთხვევაა, რომ სანდიკა ითარგმნება როგორც პროფკავშირები) ცენტრალურ წრიულ მონაკვეთთან დაბანაკებულ აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათიანი საჭის ტრიალის შემდეგ მივადექი.

უცხო მანქანა რომ შენიშნეს, მზეს მიფიცხებული ყვითელჟილეტიანები ერთბაშად წამოიშალნენ და ცოტა არ იყოს, დავიძაბე.

“ჩვენიანი ხარ?” – მკითხა ახალგაზრდა ყმაწვილმა და სახელდახელო სუფრასთან მიმიპატიჟა. მაგიდასთან მომათავსა თუ არა, ყავა და ფრანგული ტრადიციული ფუნთუშებიც სწრაფად მომირბენინა. “ჟურნალისტი ვარ, თქვენთან ერთი დღის გატარება მსურს”, – გავეცანი და დიქტოფონი მოვიმარჯვე.

არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, სადაც მითქვამს რომ ჟურნალისტი ვარ და ასე გახარებოდეთ ამის გაგება.

დაახლოებით ოცამდე ყვითელჟილეტიანი გარს შემომეხვია, კითხვებს მაყრიან, ყველაფრის გაგება სურთ, – ვინ ვარ და საიდან! “საქართველოდან? – და ეგ სადაა?”- მეკითხებიან.

ჯგუფის ლიდერად ვინმე დავიდი და მონია გამეცნენ და საუბარიც დავიწყეთ:

პატიოსანი შრომით გაგვქონდა თავი. მაკრონის მოსვლის შემდეგ კი, ყველაფერი შეიცვალა. 50 ევრო ფული აღარაა, ვერაფერს ყიდულობ. თანდათან უფრო და უფრო გვიჭირს. ბევრი რამე ამოვიღეთ კვების რაციონიდან. საწვავმა გაგვყიდა. მოგზაურობა და ამგვარი სიამოვნებები საბოლოოდ დავივიწყეთ, გაიზარდა გადასახადები, აბა რაში გვჭირდება ასეთი პრეზიდენტი? დავიღალეთ დუხჭირი ცხოვრებით და გამოვედით, რომ ეს ვთქვათ. 
საკმაოდ ხმამაღლა ამბობთ, არა?
სხვაგვარად მაკრონი ვერ გაიგებს, მსახიობია, ცინიკოსი. სასაცილოდ არ ყოფნის ჩვენი გასაჭირი. ჩვენ არ ვარბევთ და ვაფუჭებთ, ეს მათივე შემოგზავნილი ხალხია, სახელი რომ გაგვიტეხონ. მედია მოისყიდა, ათას სიბინძურეს აწერინებს ჩვენზე, ათას ადამიანს დაავალეს ვანდალური ქმედებები. ეჭვი გვაქვს, არჩევნებიც გააყალბა. მისი ამერიკა არ გვინდა. რადგან ამერიკაა, იმას არ ნიშნავს, რომ კარგია და ისეთი უნდა გახდეს ყველა ქვეყანა. ჩვენი კულტურის შესანარჩუნებლად, ბოლომდე ვიბრძოლებთ. მაკრონი ვერ მოახერხებს, ამერიკას დაგვამსგავსოს,- ცხარობს მონია.
ხომ ბევრ დათმობაზე წამოგყვათ?
ეგ დასაწყისში, ცოტა ხნით დაუწია საწვავს ფასები, ახლა კი ისევ აწეულია. ასე რომ, ჩვენი აქციები უსასრულოდ გადაიქცა. იქამდე არ მოვეშვებით, სანამ არ გადადგება და ქვეყნას არ გაათავისუფლებს.
მერე ვის აირჩევთ?
არ ვიცით, გამოჩნდება ვინმე უკეთესი. ისე ჩვენ, ფრანგებს, ფრანსუა მიტერანის მსგავსი პრეზიდენტი ჯერ არ გვყოლია – ამტკიცებს დავიდი.
თქვენ სულ აქ დგეხართ, ბავშვებითაც?
დიახ, ზოგი დღისით ვმუშაობთ და საღამოს გვიან ღამემდე აქ ვართ. ვინც არ მუშაობს, ის სულ აქაა. სამწუხაროდ, უმუშევრობა ძალიან გაიზარდა, ხალხი ვერანაირ სამსახურს ვერ შოულობს. ეს ადგილი გვათხოვეს, რომ წვიმას თავი შევაფაროთ. ძალიან გვეხმარება ადგილობრივი მოსახლეობა, მაღაზიები… საჭმელი არ გვაკლია, პოლიცია გვიცავს, ხშირად საქმე რომ არ აქვთ, მოდიან და ყავას ვთავაზობთ, ვსაუბრობთ…
ეს ერთსულოვნებაა თუ ერთმანეთის მიმბაძველობა?
ეს თავის გადარჩენის მცდელობაა, ბრძოლაა. ჩვენ ბრძოლა არ გვეშლება და არ გვესწავლება. სოციალური ქსელებით ვმობილიზდებით, სადაც ერთია, იქ არის ყველა. ქუჩაში ჩვენი შვილების მომავლის გამო ვდგავართ და არ გვეზარება. მე ბუღალტერი ვარ, ბედს არ ვუჩივი, მაგრამ უსამართლობას სახლიდან ვერ ვუყურებდი. ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს და გვამხნევებს, რაც იმედს გვმატებს.
ამბობენ, რომ რასისტული განცხადებები გაქვთ?.
არასოდეს, ვინც საფრანგეთში ცხოვრობს და ჩვენსავით ლუკმის ჭამა უჭირს, ყველა მოვიდეს, ძმურად მივიღებთ, არც კანის ფერი გვაინტერესებს და არც რელიგია. ეს პრეზიდენტის აგორებული შავი პიარია.
იცით, ჩვენ, ქართველებს საფრანგეთში დაბადებული ქართველი ქალი გვყავს პრეზიდენტად, ის აქ ცნობილი დიპლომატი იყო. ცოტა ხნის წინ მაკრონს შეხვდა…
მაშინ ათასი ხრიკი ეცოდინება ( მონიამ გულიანად გადაიკისკისა). ხუმრობა იქით იყოს და ერთს ვურჩევდით, მაკრონს მთლად ნუ დაუჯერებს და ნუ მიბაძავს, მხოლოდ ხალხის მოტყუებას თუ ასწავლის, ურჩევნია მისგან თავი შორს დაიჭიროს.
ქართველებს რას ურჩევდით?
მე არ ვიცნობ მათ, არც მათ ქვეყანას, იქნებ თქვენთან ცხოვრება ყვავის და სულაც არაფერი გაქვთ ხელისუფლებასთან შესადავებელი, მაგრამ მეეჭვება, რადგანაც როცა სათავეში მოდიან, ერთი კანონი აქვთ ყველგან, ეს კანონია ხალხის დავიწყება.

ამიტომაც ქართველებო, თუ გატყუებენ, გამოდის, რომ ისინი თქვენით ბევრ ფულს აკეთებენ, მაგრამ რადგან თქვით, რომ ქალი პრეზიდენტი გყავთ, მას მეტად მოერიდება მსგავსი ქმედებების, ამიტომ ვფიქრობ, თქვენ უფრო გაგიმართლათ, – ქალური სოლიდარობით დაასრულა ჩვენი საუბარი მონიამ…

საოცარი დღე იყო, თითქოს ერთ ოჯახში გაზრდილი, ერთი დარდით შეპყრობილი დედმამიშვილები ვიყავით ყველა. ქვეყნის მომავალზე ვმსჯელობდით, ერთმანეთის ლუკმას ვიტეხდით და პატარა გოგონას, რომელიც იქ მამას ყოველდღე დაყავს და რომელიც ყველაზე პატარა ყვითელჟილეტიანი იყო ჩვენს შორის, ვეთამაშებოდით, მთელი დღე უფროსებთან რომ არ მოეწყინა.

მათ ერთი რამ, – ქვეყნისა და თავმოყვარეობის შენარჩუნების იდეა აერთიანებთ. მართალია ხანდახან ეს ერთიანობა რეალობის შეგრძნებას აკარგინებთ, მაგრამ მაინც დღე და ღამ ერთ კოცონს ანთებენ და ერთად ღიღინებენ მარსელიეზას.

დგანან ქუჩაში და ასე აპირებენ დგომას იქამდე, ვიდრე საწადელს არ მიაღწევენ და ხელისუფლებას არ ეტყვიან, რომ თავიანთი წინაპრების სისხლით მორწყული საფრანგეთი მათია და ამ პატარა მწვანეთვალება გოგონა მეზანჟის”, – წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები