მაისიდან სიგარეტის მოწევა დასჯადი ხდება – რის უფლებას იძლევა ახალი რეგულაციები და რას კრძალავს 

2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა მთელ რიგ დაწესებულებებში იკრძალება, ხოლო კანონის დამრღვევ პირს 50-დან 100 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ორ კვირაში ამოქმედდება.
თამბაქოს მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა; ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი;
​მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. ასევე, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

მოწევა შესაძლებელია:
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;​ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში; კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.
2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა.
2020 წლის პირევლ იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში.

სანქციები
წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებისას კი 1000 ლარით;
ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით;
სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით;
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით;
ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას;
ფიზიკური პირის მიერ საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.

 

მსგავსი თემები