მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო – ლევან ახვლედიანი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი მიესალმება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.

ლევან ახვლედიანი მთავრობას, მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. მისი განცხადებით, ინვესტორებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემელი.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ხელშეკრულების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია და ჩვენ ამას მივესალმებით. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ კონკრეტული დაბრკოლებებია პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი და გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, თვითონ არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მსგავსი თემები