„მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“ – ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი

“ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს, რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოაცხადონ „კაწროდ“, – ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

ადვოკატი ყურადღებას მედია საშუალებებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დეზინფორმაცია ვრცელდება. აბესაძე აღნიშნავს, რომ თითქოს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ღამეს, დიდუბეში მის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ავთანდილ ბილანიშვილი დახვდა, სიცრუეა. აბესაზე ადგილიდან ამოღებულ კადრთან ერთად, იმ პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც მისი თქმით, რეალურად დიდუბეში იმყოფებოდა.

„ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა, რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში. მესმის, რომ ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს, რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, ვერც ზედხედით, ვერც ქვედხედით და ვერც ცხვირპირში მიბჯენილი კამერით გადაღებული კადრები… ვისაც მართლა სიმართლე აინტერესებს, ეს მცირე განმარტება მათთვის, თორემ ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს, რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე… მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“, თუ გაცვიათ თეთრი პერანგი ან ხართ დაახლოებით მსგავსი აღნაგობის და რა თქმა უნდა, თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას… კიდევ ერთხელ ვიზიარებ გიორგის ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას, ვისაც სიყალბის ნაცვლად, მართლაც ამოძრავებს 19 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენის გულწრფელი სურვილი“, – აღნიშნავს თამარ აბესაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი და ლაშა ლურსმანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს.

პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, შაქარაშვილის მეგობარ გურამ ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს. მოწმის თქმითვე, ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

მსგავსი თემები