“მადლობა ეთქმის სახელმწიფოს იმ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას” – გიორგი ვოლსკი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს

„როდესაც საქმე ეხება არა პირადად მინისტრს,  ან მოადგილეს ან დეპარტამენტის დირექტორს, არამედ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, მხედველობაში მაქვს საგზაო მშენებლობა, რასაკვირველია, მადლობა ეთქმის სახელმწიფოს იმ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი  მინისტრის საათის ფორმატში  ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენს.

გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ კომუნიკაცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, დასავლეთის ბაზრებზე გასვლა, კომუნიკაცია სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის – ეს ის საკითხებია, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიაა.

„აქედანან გამომდინარე, თუკი ეს სამუშაოები ხორციელდება ხარისხიანად, თუკი ამ სამუშაოებს სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებულები, რომ არა მარტო კონკრეტული სამუშაო შეასრულონ, არამედ ფიქრობენ გლობალურ ვითარებაზე და მსოფლიო კონიუნქტურაზე პოლიტიკის, რასაკვირველია, იმსახურებენ დაფასებასაც  და მადლობასაც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ვოლსკიმ, თავის გამოსვლაში, კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი იმ საკითხების მნიშვნელობას, რომელზეც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მუშაობს და აღნიშნა, რომ მას გარანტირებული ექნება თანადგომა არა მარტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან.

„90-იან წლებში, როდესაც გავხსენით პირველი საელჩო ვაშინგტონში და პირველი საელჩო ნიუ-იორკში, შევხვდით არაერთ მნიშვნელოვან პიროვნებას და მათ შორის, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯონ შალიკაშვილს. სწორედ, მან თქვა  და ჩვენთვისაც ეს გასაგები იყო, რომ საქართველო თავისი ლოკაციით საგანგებო მნიშვნელობისაა მსოფლიოსათვის და ეს  შეიძლება  გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქცეს მისი პრობლემების წყაროდ და მიზეზად. აი ამ საკითხებზე მუშაობს ეს ხალხი, გარდა იმისა, რომ სამეურნეო საქმიანობას ეწევა. ეს თემა მნიშვნელოვანია ყველა ხაზით და მათ შორის, ავიღოთ თუნდაც შემოტევები ამ მიმართულებით, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა. ასე რომ, ქალბატონო მაია დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს და ვიცი, რომ თანადგომა გარანტირებული გექნებათ და არა მარტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მსგავსი თემები