“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, დიპლომატებს შეხვდებიან და მათი მეშვეობით გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება.

“იმ შემოთავაზებას, რაზეც ბოლოს იყო საუბარი, არავინ დაეთანხმება, ამიტომ გაგრძელდება შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც ამ მოლაპარაკებაში ჩართულია. მათ ექნებათ ჩვენი ერთიანი პოზიცია და მათი საშუალებით მოხდება საბოლოოდ გარკვევა, არის თუ არა ხელისუფლება მზად რაიმესთვის და გავიგებთ,”- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შემოთავაზების მთავარი პრინციპი პროპორციულობა უნდა იყოს. 

“კატეგორიულად მიუღებელია 100/50, რომელსაც ხელისუფლება ვითომ გვთავაზობს, იმიტომ, რომ ეს რეალური შემოთავაზება არ არის. ციფრების ვაჭრობას არავინ ამ მაგიდასთან მსხდომი არ აპირებს. არის ზოგადი პრინციპი და ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი პარტია, რომელსაც არ აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ეს მაღალი უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, 40%, ვერ და არ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი ჩიხში მაშინ შევიდა, როდესაც 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მსგავსი თემები