“ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლის დედა მშობლებს აფრთხილებს

ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ე.წ ლურჯ ვეშაპს ემსხვერპლა, გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების მშობლებს ურჩევს, პირველ რიგში, გაიაზრონ, რომ ეს არის რეალური საფრთხე.

“დღესდღეობით საქართველოში “ლურჯი ვეშაპის” არსებობის არ სჯერათ და ამას თავისი მიზეზები აქვს. რომ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე, ნებისმიერი ბრაუზერიდან, თქვენ ვერ ნახავთ “ლურჯი ვეშაპის” სარეგისტრაციო ლინკს. ისინი არსებულ სოციალურ ქსელებს იყენებენ, სადაც ქმნიან გასაიდუმლოებულ ჯგუფებს”, – განაცხადა ნანა ბერძენიშვილმა.

ნანა ბერძენიშვილ ი ე.წ ლურჯი ვეშაპის თამაშის შესახებ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინტერესის დაკარგვა, ჩაცმის სტილის შეცვლა, უკონტაქტობა ოჯახის წევრებთან და მთავარი, ტელეფონზე დამოკიდებულება –  ეს ნიშნები დედამ მხოლოდ ელენეს დაღუპვის შემდეგ გააცნობიერა. ნანა ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სასიკვდილო თამაშის მსხვერპლია, თუმცა გამოძიება ლურჯ ვეშაპს მხოლოდ ერთ-ერთ და არა მთავარ ვერსიად განიხილავს, 2 წლის წინ მომხდარ სუიციდზე გამოძიება ამ დრომდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მშობლებსა და შვილებს შორის ნდობა არის მთავარი, რაც მომაკვდინებელ  თამაშში ჩართულთა რიცხვს მინიმუმამდე დაიყვანს, – ასე ფიქრობენ ფსიქოლოგები. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს ბავშვების და მშობლების კომუნიკაცია, ამის შემდეგ აუცილებელია საქმეში შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მოზარდების გახშირებულ სუიციდს დაზარალებული ოჯახების უმრავლესობა სახიფათო ინტერნეტთამაშს უკავშირებს, შსს-ში აცხადებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ე.წ ლურჯი ვეშაპის ფაქტი არ დადასტურდა.

მსგავსი თემები