ლეილა აბაშიძე საბურთალოს სასაფლაოზე, დედის გვერდით დაიკრძალება

ქართული კინოს ვარსკვლავს, საქართველოს დამსახურებულ და სახალხო არტისტს, თბილისის საპატიო მოქალაქე ლეილა აბაშიძეს, საკუთარი ანდერძის თანახმად, დედის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მსახიობის ოჯახის წევრებს სურდათ, ლეილა აბაშიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მამამთილის, ცნობილი მეცნიერის, სერგო დანელიას გვერდით დაკრძალულიყო, თუმცა, უპირატესობა მსახიობის უკანაკსნელ სურვილს მიენიჭა.
ლეილა აბაშიძესთან გამოსათხოვარი პანაშვიდები დღე და ხვალ, მის საცხოვრებელ სახლში, ფალიაშვილის ქუჩის N 33-ში გაიმართება. 12 აპრილს, ცნობილ მსახიობს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, რის შემდეგაც, საბურთალოს სასაფლაოზე  დაკრძალავენ.
ლეილა აბაშიძის დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია გაიღებს.
88 წლის ხელოვანი, ინსულტის ნიშნებით ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 თებერვალს გადაიყვანეს და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მოგვიანებით გაუმჯობესდა და პალატაში გადაიყვანეს.​
მსახიობი 8 აპრილს გარდაიცვალა. მას დიდი სითბოთი იხსენებენ ახლობლები და მეზობლები.
“ლეილა აბაშიძის ნათესავი იყო ჩვენი მეზობელი და ასე დავახლოვდით. ის იყო უაღრესად კეთილი ადამიანი. იყო მომენტი, როცა ძალიან გვიჭირდა და დახმარებას აქეთ გვთავაზობდა, მაშინ როცა, თვითონ მასაც უჭირდა. დედა არავითარ შემთხვევაში არ თანხმდებოდა მის დახმარებას, პირიქით, საჩუქრებით და საჭირო ნივთებით ხელდამშვენებულები ვესტუმრებოდით ხოლმე”, – იხსენებს   მსახიობის ოჯახის ახლობელი, ალექსანდრე კოპალიანი.
ლეილა აბაშიძე დაიბადა თბილისში, 1929 წლის პირველ აგვისტოს. მამა რეპრესირებული ჰყავდა, რის გამოც დედასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ციმბირში ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნებულები წლების განმავლობაში მაღაზიის თავზე, პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. ცნობილმა მსახიობმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები იმ ბინაში გაატარა.
ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად 1941 წელს, ფილმში „ქაჯანა“გამოჩნდა, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა. ​შემდეგ იყო მაია წყნეთელის, ჭრიჭინას, აბეზარას, ძიძიას, ლალი მინდელისა და სხვა გახმაურებული კინოროლები.
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, ქართული მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის გვერდით, ასევე ლეგენდარული ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნაზე ლეილა აბაშიძემ ემოციური სიტყვა წარმოთქვა, მან მადლობა გადაუხადა ქართველ ერს ასეთი დაფასებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცევა.
მსახიობს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის, ასევე ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტის წოდებები, დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, მიღებული აქვს პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “შეხვედრა წარსულთან”, ასევე II მსოფლიო ფესტივალის I პრიზი ტოკიოში.

მსგავსი თემები