“ლარსიდან დატვირთული მანქანები დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ გვაქვს” – მინისტრი

ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა და საზღვარზე გაჩერებული, სურსათით დატვირთული ტრაილერებიც დაიძრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სურსათის მარაგი ივსება და პრობლემა არ იქნება. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, ლარსზე არსებული პრობლემებიც მოხსნილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. გარკვეული პროდუქტების მოწოდებაში გვქონდა წყვეტა უამინდობის გამო. ფოთში გემების დაცლა ვერ მოხდა, ხოლო ლარსზე ვერ ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო. ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით არ არის შეფერხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად, ყოველ დღე ვხვდები საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებისა და ქსელების წარმომადგენლებს, იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა არ გვქონდეს სურსათის დეფიციტი და ფასები არ გაიზარდოს პანიკის გამო და არ დაფიქსირდეს სპეკულაციური ტრანზაქციები.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს კომპენსაციის სქემის შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მარაგების შექმნას, არამალფუჭებადი პროდუქტების შემოტანას,  რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდებში და მეორე მხრივ, არსებული ფასების შენარჩუნებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები