“ლარის კურსის ასეთ ცვლილებებს, არანაირი კავშირი არა აქვს ეკონომიკურ პროცესებთან” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ოროსანი მოსწავლის პასუხებს ადარებს.

მისი განცხადებით, ბანკები ხელისუფლებას აშანტაჟებს.

“ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, დაახლოებით იმ ოროსანი მოსწავლის პასუხს ჰგავს, გაკვეთილი რომ არ იცის, არადა მასწავლებელს გამოძახებული ყავს. ან აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები კეთდება, ან ერთი მესიჯური ტიპის. ბანკებს კი, ამ დროს, სრული კარტბლანში აქვთ და ხელისუფლებას აშანტაჟებენ. რაც არ უნდა ილაპარაკოს მთავრობამ, ისინი ვერ ერევიან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში. ხალხი დღითიდღე ღატაკდება, კარგავს თავის შემოსავალს, რომელიც ბანკირების ჯიბეებში ინაცვლებს. ასე რომ, პირველ რიგში, პოლიტიკაა გადასახედი ბანკებთან მიმართებაში”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატის განმარტებით, ის, რომ სავალუტო კურსს მხოლოდ “ბლუმბერგის” სისტემა არეგულირებს, დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჭიჭინაძის თქმით, ლარის კურსს არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ პროცესებთან.

“ისიც პრობლემაა, რომ დღეს მხოლოდ ბლუმბერგის სისტემა არეგულირებს სავალუტო კურსს, რაც  ბევრი და დიდი მანიპულაციების საშუალებას აძლევს. ანუ, ლარის კურსის ასეთ ცვლილებებს არანაირი კავშირი არა აქვს ეკონომიკურ პროცესებთან. ეს უფრო დაკავშირებულია სპეკულაციურ პროცესებთან და ეს პირველ რიგში, სწორედ ბანკების შემოსავლებში აისახება, რადგან, წლიდან წლამდე, სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ ბანკებს ეზრდებათ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, დროა, მთავრობა დაფიქრდეს და ბანკებს ახალი რეგულაციები დაუწესოს.

“მთავრობა უნდა დაფიქრდეს. მისი უფლებამოსილებაა, ისეთი ახალი რეგულაციები დაუწესოს ბანკებს, რომელიც მათ ასეთი თავისუფალი მოქმედების საშუალებას აღარ მისცემს. სხვა შემთხვევაში ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ. ბანკები იმდენად დიდ მოგებას ნახულობენ, კურსის ასეთი ხშირი და სწრაფი ცვალებადობით, რომ ისინი უბრალოდ დაინტერესებულნი აღარ არიან ეკონომიკის პირდაპირი ინვესტირებით. 

აშშ-ის მაგალითს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, როგორი დაპირისპირებაა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ფედერალურ სარეზერვო სისტემას შორის. იმიტომ რომ, იქ დღეს ძალიან აქტუალურია ბანკების შეზღუდვის საკითხი და მათი ეკონომიკაზე მორგება. გავიხსენოთ, ბოლო დიდი ოცეულის შეკრებაზე წამყვანი ქვეყნების ლიდერების განცხადებებიც, რომლებიც შეშფოთების საფუძველს იძლევა. ანუ, მთელი მსოფლიო თუ ცდილობს, რომ მოდელი შეცვალოს, ჩვენ აღარ უნდა დავრჩეთ ასეთი უკონტროლო ზონა ბანკებისთვის.

უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, განვახორციელოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, იმისთვის, რომ ბანკები მეტ-ნაკლებად შევზღუდოთ. მოკლედ, ხელისუფლება იმიტომაა არჩეული, რომ ემსახუროს ხალხს და არა ბანკირებს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები