კუს ტბაზე სხვადასხვა სახეობის 7600 ძირ ხეს დარგავენ

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 2019 წელს, მასშტაბური გამწვანების ღონისძიებებს გეგმავს. დაგეგმილია კუს ტბის ტერიტორიაზე არსებული ტყის 6.9 ჰექტარ ფართობზე სხვადასხვა სახეობის 7600 ძირი ხის დარგვა. ტერიტორიაზე მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა და ოთხი წლის განმავლობაში დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა განხორციელდება. დედაქალაქის შემოგარენში, წიწვოვან ტყეებში, ძირითადად ფიჭვნარებში, ხანძრების პრევენციის მიზნით განთავსდება სპეციალური ბანერები. ხუდადოვის ტყის დაცვის მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ფიჭვების პრობლემის მოგვარების ინტეგრირებული პროცესი პირველად განხორციელდა. მიმდინარე წელს თბილისის შემოგარენის ფიჭვნარებში სანიტარიული ჭრით გავლილ ფართობებში დაგეგმილია მასშტაბური აღდგენის ღონისძიებები, სადაც სხვადასხვა სახეობის მცირე ზომის ნერგები დაირგვება.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ჟინვალის ქუჩის მიმდებარედ 5.7 ჰექტარი ფართობის ტყის (მწვანე ნარგავების) აღდგენა-გაშენების პროექტის შედგენის მომსახურება.

2019 წელს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის თანადგომით, გეგმავს ტურისტული (საფეხმავლო) ბილიკის მოწყობას, რომელიც მოიცავს საპიკნიკე და დასასვენებელ ადგილებს, ეკო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფებს, სპეციალურ საკემპინგე (საკარვე) ადგილს და გადასახედ პლატფორმის მოწყობას.

ასევე, მიმდინარე წელს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ -ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გეგმავს ტყის ბუნებრივი განახლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას, რაც მოიცავს მწვანე ნარგავების მართვის გეგმით რეკომენდირებული ფართობების შემოღობვას, ნიადაგის აჩიჩქნას, ზეხმელი ხეების ჭრას და ფართობის ჩახერგილობებისგან გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები 20–27 ჰა ტერიტორიაზე ჩატარდება.

1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 21 მარტი “ტყეების საერთაშორისო დღედ” გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, მუნიციპალიტეტის მწვანე ნარგავების (ტყეების) ინვენტარიზაციისა და 10-წლიანი მართვის გეგმის შედგენის სამუშაოები 2018 წელს ჩაატარა. 

“1992 წლის შემდგომ თბილისის ტერიტორიაზე ტყეების მართვის მიმართულებით, რომელიც 11 900 ჰა-ს შეადგენს, სრულყოფილი საინვენტარიზაციო სამუშაოები არ განხორციელებულა და შესაბამისად, მათი მართვის გეგმაც არ არსებობდა. ინვენტარიზაციის შედეგად შეიქმნა რვა სატყეო, შედგა ახალი საკვარტალე ქსელი და თითოეულ კვარტალში უბნების მიხედვით ღონისძიება დაინიშნა”, – აცხადებენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს, მართვის გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 5000 ჰა ფართობის სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა და ღონისძიებების შემუშავება. 

მსგავსი თემები