კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი თავის რიგს ელოდება  

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ “თავისუფლებასთან” არსებული ჩუქურთმოვანი წყლის ნიჟარები უკვე წლებია უფუნქციოდ დგას. დღეის მდგომარეობით კი ლამის ნაგვის ბუნკერად იქცეს. ფაქტის ამსახველი ფოტოებს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი დავით ახვლედიანი ავრცელებს სტატუსთან ერთად:

“+33c სიცხეში წყალი არ უნდა იყოს ამ ხალხმრავალ ადგილას?! მოგიყვეთ რა უნდა გააკეთოთ?! 2 ტომარა წებოცემენტი, 15 მეტრი გრძივი მეტრი “პოლდიუიმა” მილი, 7 ერთეული ღილაკიანი ვენტილი, ამდენივე 32-იანი მუხლი და ამდენივე ტრაპი. ასევე ორი კვალიფიციური ოსტატი. ჩუქურთმოვან კვადრებს არ აწყენს ჭავლური წნევით გაწმენდა. ჯამში მაქსიმუმ 400 ლარის საქმეა”.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სტატუსის ავტორმა განუცხადა, კომპოზიცია თავისთავად ძალიან კარგია. მას უბრალოდ გაწმენდა და კვალიფიციურად აღდგენა სჭირდება. ​ერთი ჩუქურთმებიანი კვადრა იქვეა მიგდებული და შიშობს არ დაიკარგოს.

“ხელნაკეთი ბაზალტის ჩუქურთმებია, 80-იან წლებში გაკეთდა. ეს კუთხე არ უნდა განადგურდეს, უფრო მეტიც, მიმდებარე ობიექტიც უნდა გამოისყიდონ და ცივილიზებული კაფე გააკეთონ ვიდრე ის ჯოჯოხეთი, რაც მანდ არის ახლა. თავის დროზე ეგ გადასახადების გადამხდელთა ფულით გაკეთდა, ამიტომ დაუშვებელია მისი დანგრევა”, – აცხადებს დავით ახვლედიანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით “მთავარი” თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და დანგრევა არ ემუქრება. ხოლო აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხის გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში იგეგმება. თუ რა სახით აღდგება ჩუქურთმოვანი წყლის ნიჟარები და დაუბრუნდება თუ არა მას თავდაპირველი ფუნქცია, ჯერჯერობით უცნობია.


მსგავსი თემები