“კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი ორი კვირა” – დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში სწრაფად მოიხსნას საგანგებო რეჟიმი, მოქალაქეებმა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას და ზომების გამკაცრებას, მინისტრი აცხადებს, რომ მომდევნო ორი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება და მათ შორის, მნიშვნელოვანია, პიკის ფაზაში შესვლის კვალობაზე, მოქალაქეებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი ორი კვირა. ჩვენი მედიკოსების მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ ვუახლოვდებით და შევდივართ პიკის ფაზაში. აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ჩვენი მოქალაქე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არსებულ სიტუაციას. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ჩვენი ექიმები 24- საათიან შრომის რეჟიმზე არიან გადასულები. იმისთვის, რომ ჩვენ ისეთივე წარმატებით გავუმკლავდეთ, როგორც დღემდე ვახერხებდით აუცილებელია, რომ უახლოეს ორ კვირაში განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ, რადგანაც არ დაიკარგოს მიღწეული შედეგი, რომლითაც ჩვენ ყველა ვამაყობთ.

ჩვენს პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში ვსაუბრობთ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, ამიტომ იმისთვის, რომ ეს საგანგებო რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს დღეებს, უახლოეს ორ კვირას. ჩვენ, მთავრობას გვინდა ყველაზე უფრო, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ამიტომ, თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა დაგვეხმაროს ჩვენ ამ პროცესის დაძლევაში. ეს იქნება მიღწევადი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ამიტომ არა როგორც მთავრობის წევრი, არამედ, როგორც რიგითი მოქალაქე, უმორჩილესად გთხოვთ, რომ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვავლინოთ ერთმანეთის მიმართ, ექიმების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ, სამართალდამცავი სტრუქტურები და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღე და ღამე ემსახურება ქალაქს, სოფელს, რომ მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნათ’’, – აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები