კრიმინალებს თუ არ მიხედეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია სწრაფად დასრულდება – ბელა მახარაძე

ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკმერ-მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი კომპოზიტორი, უვე ბერკემერი,  გერმანიაში მიგრაციის პრობლემაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ გერმანიაში მუდმივ თავშესაფარს მოიპოვებენ.

როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბელა ბერკმერ-მახარაძემ განაცხადა, კრიმინალური მდგომარეობა ძალიან გართულებულია გერმანიაში ქართველების მხრიდან. უკვე გარკვეული  დანაშაულებრივი ბანდები მოქმედებენ, არა მხოლოდ ცალკეული კრიმინალები. ამ პრობლემას თუ არ მივხედეთ, ძალიან მალე დასრულდება ის სიამოვნება, რასაც ქართველების გერმანიაში უვიზოდ შეშვება და ვიზალიბერალიზაცია ჰქვია.

მისივე თქმით, ​მიუხედავად იმისა, რომ თავად გერმანიაშია გათხოვილი და წლებია იქ ცხოვრობს, მაინც ძალიან უჭირს უცხო ქვეყანაში ყოფნა და საშუალება რომ ჰქონდეს, მთელი ოჯახით საქართველოში იცხოვრებდა.

“ნამდვილ თავშესაფარს იქ ვერ მოიპოვებენ. სერიოზული პრობლემები ეწყებათ ჯანმრთელობის მხრივ. მეორე პრობლემა ის არის, რომ იმდენად მოიმატა კრიმინალმა, რომ ყოველ თვეში იწერება გაზეთებში ქართველების დანაშაულის შესახებ. 100 ქართველი ცდილობს, რომ წამოსწიონ საქართველოს სახელი უცხოეთში და ერთი, თავისი კრიმინალური ქმედებით ყველაფერს წყალში გვიყრის. ბევრი ქართველი მიკავშირდება, რომლებსაც სურთ გერმანიაში ჩამოსვლა, რომ ოჯახებს დაეხმარონ, მესმის მათიც. მე მათ არ ვურჩევ იქ ჩამოსვლას. ჩვენ ორივეს აზრით, ქართველი საქართველოს ეკუთვნის, რათა ერი გაძლიერდეს და არ დაიცალოს. მე მესმის მათი გადადგმული ნაბიჯის, უბრალოდ თავად არასოდეს ვისურვებდი ჩემი ოჯახისათვის, ახლობელისთვის და სრულიად საქართველოსთვის”, – აცხადებს მუსიკოსი.

​მისივე თქმით, თანხას, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება თავშესაფრის მაძიებლებს დახმარების სახით  უხდის, მხოლოდ თავის სარჩენად თუ იქნება საკმარისი და არა ქონების დასაგროვებლად. ამდენად მათი იქ დარჩენის შანსს ვერ ხედავს.

​​მუსიკოსი ხელისუფლებას ურჩევს იზრუნონ ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დასაქმებაზე, რომ ქვეყანამ მათი სახით არ დაკარგოს საუკეთესო რესურსი. ასევე, “დედები არ უნდა ხდებოდნენ იძულებულები დატოვონ თავიანთი შვილები, ან უკვე ასაკოვანი ქალბატონები, უცხო ქვეყანაში სხვის მოსავლელად არ უნდა მიდიოდნენ და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს”, – აცხადებს ბელა ბერკმერ-მახარაძე.

თავის მხრივ გერმანელი კომპოზიტორი უვე ბერკემერი აცხადებს, რომ მიგრაციის პრობლემა გერმანიას დიდი ხანია აწუხებს. ემიგრანტი უნდა იყოს ან პოლიტიკურად დევნილი ან რელიგიურად, რომ მიიღოს თავშესაფარი გერმანიაში. როგორც ვიცით საქართველოში დღეს არც პოლიტიკური და არც რელიგიური ნიშნით არ ხდება ადამიანების შევიწროვება, შესაბამისად გერმანია ჩიხურ ვითარებაშია, რა გააკეთოს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.

“ძალიან ბევრი ემიგრანტი ფიქრობს, რომ გერმანია არის ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა და, როდესაც საქართველოსთვის ევროპაში ვიზის პრობლემა მოიხსნა, სამუშაოს მაძიებლები მოაწყდნენ ქვეყანას. მაგრამ ესეც დროებითია. ლტოლვილებად ბარდებიან იქ, როდესაც ვიზის პრობლემა მოიხსნა ყველა მოაწყდა გერმანიას. საქართველოს სჭირდება თავისი მოქალაქეები ადგილზე, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოსახლეობა არ იყოს იძულებული დატოვონ სამშობლო. უნდა გაკონტროლდეს ვინ უნდა დატოვოს სახელმწიფოს საზღვრები და ვინ არა”, – აცხადებს უვე ბერკემერი.

მსგავსი თემები