კრიმინალები ჩინოვნიკებს შეესივნენ, ამჯერად რუსთავის მერი გაქურდეს

ტრაქტორი, ღვინო და საოჯახო და სამეურნეო ინვენტარი – სულ ეს არის, რაც მძარცველებმა რუსთავის მერის აგარაკიდან წაიღეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა. ირაკლი ტაბაღუას სახლის გაქურდვის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მერის ოჯახი სოფელში მხოლოდ დასასვენებლად ჩადის და მუდმივი მაცხოვრებლები არ არიან. როგორც მერის ერთ-ერთმა მეზობელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მათ სახლის გაქურდვის შესახებ პოლიციის მისვლის შემდეგ გაიგეს. „ძალიან ბევრი პოლიციელი იყო ადგილზე. ზუსტად როდის გაიტანეს ეს ნივთები არ ვიცით. სამუშაო იარაღები, ხელის ტრაქტორი და სხვა ინვენტარი წაუღიათ“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.

როგორც შსს-ში „მედიაცენტრ მთავარს განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ ჰყავთ. მომხდართან დაკავშირებით ძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სახელმწიფო მოხელის ძარცვის არაერთი შემთხვევა მოხდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს, ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს;

ასევე, გაქურდეს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აგარაკი, საიდანაც სამუშაო იარაღები წაიღეს; თბილისში მძარცველი დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინაშიც შეიჭრა, მოიპარა მცირე ზომის სეიფი. მძარცველი დააკავეს.





მსგავსი თემები