„კრემაცია, ფერფლის წაღება შემოგვთავაზეს… გვამი არ მოგვცეს, ვირუსი გადადისო“ – ესპანეთში გარდაცვლილ ქართველის მწარე ისტორია

5 შვილის დედა ესპანეთში ონკოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა, „კორონავირუსმა“ შეიწირა. დღეს კი, მისი შვილებისა და ოჯახის წევრებისთვის, არა თუ ცოცხალი ცირა, არამედ მისი ცხედარი და საფლავიც კი სანატრელია. 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის უკან „კორონავირუსით“ გარდაიცვალა, დღეს მადრიდის აკლდამაში დაკრძალავენ.

როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრი „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, ცირას სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა და ესპანელი ექიმები მის ქიმიოთერაპიით განკურნებას ცდილობდნენ, თუმცა, არ გამოუვიდათ. ცირა ქიმიოთერაპიის შემდეგ დაინფიცირდა.

სწორედ ცირას ერთ-ერთი შვილის სიტყვებია – „შიმშილით დაძინებას ვისწავლი, ოღონდ დედა გადარჩე“, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა.

„ესპანელმა ექიმებმა ცირას გამოკვლევის შემდეგ გადაწყვიტეს,  სიმსივნური წარმონაქმნისთვის ქიმიური ჩარევით ებრძოლათ და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს. პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ ბოქსირებულ პალატაში გადაჰყავდათ. მიზეზად „კორონავირუსის“ ნიშნები დაასახელეს. ერთკვრიანი მკურნალობის შემდეგ კი გვახარეს, რომ ვირუსისგან განიკურნა და მეორე ქიმიოთერაპია  უნდა გაეკეთებინათ. 21 მარტი თენდებოდა, როცა  დამირეკეს და მითხრეს, რომ ცირა გარდაიცვალა.  მიზეზად “კორონავირუსი” დასახელდა. რა მოხდა, რატომ მოხდა ასე, ვერ ვავიგეთ. თუ განიკურნა, რატომ გარდაიცვალა. როგორც აგვიხსნეს, მეტასტაზი ფილტვზე იყო გასული და „კორონავირუსი“ რომ დაემატა, ვერ აიტანა ეს ყველაფერი“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრმა.

ერთ ტრაგედიას მეორე ტრაგედია დაემატა, ოჯახს გვამის გადაცემაზე უარი უთხრეს და კრემაცია შესთავაზეს.

„გვამი არ მოგვცეს, რომ საქარველოში გადმოგვესვენებინა. ამბობენ, რომ გვამიდან ადვილი შესაძლებელია ადამიანის დაინფიცირება. შემოგვთავაზეს  კრემაცია და ფერფლის წამოღება, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. ამის შემდეგ, მეორე ვარიანტიც შემოგვთავაზეს –  რამდენიმე წლით 5-6 წლის აკლდამაში დამარხულიყო და 6 წლის მერე იქნება შესაძლებელი გადმოსვენება“ – გვითხრა ცირას ახლობელმა.

5 შვილის დედას მინიმუმ 6 წლით ესპანეთში დაკრძალავენ.  

მსგავსი თემები