“კორონავირუსი ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ” – ამირან გამყრელიძე

“კორონავირუსის პანდემია ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც საექიმო მოღვაწეობის პერიოდში დამიგროვდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ის რამდენიმე ლოკალურ ეპიდაფეთქებასა და დიდ კამპანიაზე მუშაობდა.

“90-იან წლებში ჩვენ გვქონდა დიფტერიის დიდი ეპიდაფეთქება, შემდეგ იყო ​ამებიაზის ეპიდაფეთქება, ​ჩავატარეთ პოლიომელიტის საწინააღმდეგო დიდი კამპანია და უკვე დიდი ხანია, ქვეყანა პოლიომელიტისგან. 2005-2006 წლებში იყო ე.წ. ფრინველის გრიპის პანდემიის შიში. საშინელება იქნებოდა კაცობრიობისთვის, იმ ვირუსს რომ სახეობრივი ბარიერი დაეძლია და ფრინველიდან ადამიანზე გადასულიყო. ასეთი 7-8 შემთხვევა დაფიქსირდა სულ მსოფლიოში და 65% ჰქონდა ლეტალობა. ეს მართლა კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემია ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც საექიმო თუ ჩინოვნიკური მოღვაწეობის პერიოდში დამიგროვდა.

40 წლის წინ ამ დღეს მედიცინაში კაცობრიობის ყველაზე დიდი გამარჯვება – ყვავილის აღმოფხვრა დაფიქსირდა. ამ დაავადებამ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 1980 წელს ის კაცობრიობამ სწორედ ვაქცინაციით დაამარცხა. ეს კამპანია 14-15 წელი გრძელდებოდა და კაცობრიობამ ეს დაავადება დაამარცხა. ასეთივე ბედი ელის პოლიომელიტს, რომელიც მხოლოდ 3 ქვეყანაში დარჩა. შემდეგ იქნება წითელა, ცოფი, მაგრამ ჩნდება ახალი დაავადებები. ყვავილის კამპანიის დროს მე მოსწავლე ვიყავი და მხოლოდ მოყოლით ვიცი, მაგრამ შევხვედრივარ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ კამპანიაში და მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები