“კორონავირუსის ფონზე, რუსეთი არ ცხრება და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას” – ჯემალ გამახარია

“უკანასკნელი თვეების განმავლობაში მთელი მსოფლიო დაკავებულია ადამიანთა მოდგმისთვის საშიშ კორონავირუსთან ბრძოლით. შექმნილ ვითარებაში ცალკეულმა უკიდურესად რადიკალურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც კი, შეიგრძნეს რა საყოველთაო საფრთხის მასშტაბები, დროებით შეაჩერეს ან შეამცირეს აქტიურობა. ერთადერთია რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ ცხრება და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი.

ჯემალ გამახარიას თქმით, გუშინ გახდა ცნობილი და დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმაც დაადასტურა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის #12 ბრძანების თანახმად მაღალმთიანი სოფლის აიბგას კრასნოდარის მხარისთვის მიკუთვნების შესახებ. მისი განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია “როსრეესტრის” საიტზე.

“ასეთი “წინასააღდგომო  საჩუქარი” მიართვა რუსეთმა “ერთმორწმუნე” საქართველოს, ასევე თავის “სტრატეგიულ მოკავშირეს” – აფხაზეთს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, კატეგორიულად ვგმობთ რა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების პერმანენტულად დარღვევის ფაქტს, რომელიც ამჯერად სოფელ აიბგას ანექსიაში გამოიხატა, იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ადექვატურად შეაფასებს კრემლის მორიგ დანაშაულებრივ ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები