“კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 74% გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, კვლავ 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც უმჯობესდება.

„დადასტურებული შემთხვევების 74% გამოჯანმრთელდა, 379-ით მეტია გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს. ჩვენ ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა, 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია, ოთხივემ დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს – კვლავ 3 მძიმე პაციენტია, მაგრამ ამ სამ პაციენტთან სტაბილიზაცია მიღებულია და მცირედი, მაგრამ ყოველდღიური გაუმჯობესება შეინიშნება და ალბათ, მალე პროგნოზულად ვიტყვით, რომ მათთან კარგი გამოსავალი იქნება. ძირითადად საშუალო სიმძიმის პნევმონიით არიან პაციენტები და მსუბუქი პაციენტები პნევმონიის გარეშე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები