კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან, ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება

კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან, ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება. ვირუსით ინფიცირება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ორ პირს დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ახალგაზრდა ასაკისაა. ისინი საფრანგეთიდან სხვადასხვა დროს ჩამოფრინდნენ, როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თავდაცვის სამინისტროს გორში მდებარე ჰოსპიტალიდან აცნობეს გორის საკარანტინე სივრცეში დრემდე არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ჰქონდათ.

„გუშინ გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ორი დაგვიდასტურდა. ახალგაზრდა ადამიანები არიან. პირველი შემთხვევა არის იუნკერი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიით. ის კარანტინიდან შემოიყვანეს 18 მარტს. კლინიკურად მასთან ძალიან სუსტადაა გამოხატული სიმპტომატიკა, იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში.

მეორე შემთხვევა არის ქალბატონი. მასაც აქვს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია. ეს ქალი 20- ში აეროპორტიდან შემოვიდა ჰოსპიტალში. მასთან სიმპტომატიკა გამოხატულია უფრო ცხელებით. სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია, შეხება არ ჰქონიათ. მათი მკურნალობა, შემდგომი ტაქტიკა შეთანხმებული იქნება კლინიკურ საბჭოსთან“, – განუცხადა “მედიაცენტრ მთავარს” ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ჩილინდრიშვილმა.

​​შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში სულ 59 პირი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო.

მსგავსი თემები