კორონავირუსით დღეს დაინფიცირებული ადამიანი, ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, თავდაპირველად ის პნევმონიის ნიშნებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში შევიდა, რის შემდეგაც, პაციენტი გადაიყვანეს კარანტინში. სწორედ კარანტინში დაუდასტურდა მას „კოვიდ-19“. ლაბორატორიული კვლევის დადებითი პასუხის შემდეგ, დღეს პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ პაციენტს მჭიდრო კონტაქტი სულ ოთხ პირთან ჰქონდა. ყველა მათგანი უკვე გამოკვლეულია, თუმცა ლაბორატორიული კვლევა მათ კიდევ ერთხელ, დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. პასუხები სავარაუდოდ ხვალ, დილით გახდება ცნობილი.

აღნიშნული პაციენტი ერთადერთია, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა.

მსგავსი თემები