“კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს.

ელჩმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ონლაინ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მინისტრთან ძალიან სასარგებლო დიალოგი შედგა. რა თქმა უნდა, აშშ-ის საელჩო თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე ვითარებას. განვიხილეთ, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას, შეაჩეროს ინფექციის გავრცელება და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პიკი, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის რთული იქნება. მთავრობამ ძალიან კარგი სამუშაოები გაატარა, არა მარტო უშუალოდ ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. მინდა, აღვნიშნო, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში მიჰყვება და ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, ხელების რეგულარულად დაბანა და სოციალური დისტანცირება. სწორედ მსგავსი ქცევა ახდენს დიდ გავლენას ვირუსის გავრცელებაზე და ეხმარება საქართველოს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იყოს ასეთი მცირე. მოსაწონი და მისასალმებელია საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მინისტრისა და სხვა სამინისტროების, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის მიერ გატარებული ის შესანიშნავი სამუშაოები, რასაც ამ რეალურად საგანგებო სიტუაციაში აკეთებენ“ , –  განაცხადა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები