კორონავირუისთ გარდაცვლილი მე – 10 პაციენტი, 45 წლის ქალია

45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR-ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა.

როგორც ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,პაციენტს ასევე აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია და უნივერსალური სიმსუქნე.

ექიმების განცხადებით, მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური).

“ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური).

მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები