კონფლიქტის ზონიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ

რუსი სამხედროების მიერ, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული, სამი არასრულწლოვნის დედა, 36 წლის მაია ოთინაშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებმა ციხეში მოინახულეს. დე ფაქტო სასამართლომ მას, ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დახმარება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში დაკავებულის მდგომარეობაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ  მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა.

მათივე განმარტებით, ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში, მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან განიხილება, დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე.

მაია ოთინაშვილის ოჯახში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და მათ ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის თქმით, 36 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა – „ემპათია“ მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი მათი ბენეფიციარი ოჯახის წევრია.

სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით 29 სექტემბერს დილით გაიტაცეს. თვითმხილველებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირებმა, ახალგაზრდა ქალი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტის მოშორებით აიყვანეს.

​სახალხო დამცველის ინფორმაციით, გატაცების ადგილას მაია ოთინაშვილის ოჯახის ახლობლები რეგულარულად შედიან. თუმცა, თავად მაია ოთინაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, კიდევ უფრო აბსურდულს ხდის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ბრალდებებს.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები.

მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 უკანონოდ დაკავებული ქალია.

მსგავსი თემები