“კაშიას იმაზე მეტს არავინ დამართებს, რაც მან დამართა საკუთარ თავს” – კონსტანტინე მორგოშია 9 სექტემბრის აქციაზე

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” დამფუძნებელი  კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგია, მაგრამ მისთვის მიუღებელია,  ფეხბურთელ გურამ კაშიას პროპაგანდისტული აქცია, როდესაც მან  ლგბტ ადამიანების მხარდაჭერად ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი სამკლაური გაიკეთა.  9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიის თამაშის დროს, “ქართული მარშის” წევრები საპროტესტო აქციას გამართავენ.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს,  კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, “ქართული მარშის” წევრები არ აპირებენ ვინმესთან კონფრონტაციას, ინციდენტების მოწყობას ან კაშიასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

“გურამ კაშიასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ ვაპირებთ. კაშიას იმაზე მეტს არავინ დამართებს, რაც მან დამართა საკუთარ თავს. ჩვენ ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება გვაქვს და ვაპირებთ, რომ ეს აქცია ჩატარდეს. აქცია იქნება მრავალათასიანი. არის ინფორმაცია, რომ დაკავებას გვიპირებენ, რომ მოთხოვნაა ფეხბურთის ფედერაციიდან, თამაშის დროს, 2 დღით პირადად მე დამაკავონ. ამით ისინი აქციის შეჩერებას ვერ შეძლებენ” , – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

მისივე ინფორმაციით, ლგტბ აგიტაციის წინააღმდეგ მიმართული პერფომანსები 9 სექტემბერს გაიმართება  როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ქართველი ემიგრანტები მათი აქციის მხარდაჭერის სურვილს გამოთქვამენ.  პერფომანსის დროს დაწვავენ ლგტბ -ს დროშას.

​ყველა არ იქნება პერფომანსში ჩართული, 10 000 კაცი ამაში ვერ ჩაერთვება, ყველა ტრიბუნაზე იქნებიან ჯგუფები და გამოვხატავთ ჩვენს განწყობას. არ არის სწორი, როდესაც კაშია ამბობს, რომ მას გარკვეული ჯგუფი უპირისპირდება და ცდილობს ევროპას მოახვიოს თავზე აზრი, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს მის პოზიციას და პროპაგანდას. ლგტბ საზოგადოების იმაზე გაცილებით მეტი დროშა დაიწვება თბილისში, ვიდრე ქუთაისში დავწვით, თუმცა, სტადიონზე ხანძრის გაჩენას არავინ აპირებს. ემიგრანტები გვიკავშირდებიან და მათაც სურთ ჩაერთონ ამ საპროტესტო განწყობაში”, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

 

მსგავსი თემები