კონსტანტინე გამსახურდია: ხელისუფლების მხრიდან არსებული „ყრუ“ პოზიცია, არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს

„თუ რამე გაკეთდა ამ საქმეში, – უფრო ჩვენი ინტერვენციის, მცდელობის და წვალების შედეგად, ამიტომ ფრთხილი ოპტიმიზმით ვხვდები დაპირებას, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯებიც მოყვება“ – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, გუშინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის დიდი სირცხვილია და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე დროულად უნდა გამოიძიონ.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუშინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, სახლში, სადაც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის, იქვე მოეწობა დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.

როგორც კონსტანტინე გამსახურდია „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განმარტავს, მსგავს განცხადებებს, ზოგადად პოლიტიკური ტექნოლოგიებიც ითვალისწინებს და არც შვიდი წლის განმავლობაში, ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან არსებული “ყრუ” პოზიცია აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

თუმცა, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ოჯახს, ამჯერად მაინც უნდა, სჯეროდეს, რომ ხელისუფლების სიტყვა საქმედ იქცევა და შედეგსაც გამოიღებს.    

კონსტანტინე გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილის განცხადება, თავისთავად, სასიკეთო ნაბიჯია, მაგრამ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ცუდი გამოცდილება გვაქვს, რის გამოც ფრთხილი და ფხიზელი ოპტიმიზმით ვხვდები ამ ყველაფერს.

ამ ხნის განმავლობაში არ იყო არანაირი კომუნიკაცია ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან, პროკურატურა პრაქტიკულად, არაფერს აკეთებდა, საქმე ან თაროზე შემოდებული იყო, ან გამოძიების იმიტაცია მიმდინარებდა, არანაირ რეკომენდაციას არ ითვალისწინებდნენ და თუ რამე გაკეთდა, უფრო ჩვენი ინტერვენციის, მცდელობის და წვალების, ჩვენი ოჯახის საჯარო პროტესტის, ქუჩის აქციებისა და შიმშილობის შედეგად არის რამდენიმე მიღწევა ამ საქმეში.

სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ კოოპერაციას ვხვდებოდით. არ იყო არანაირი კოოპერაცია, არანაირი მოსმენა, იყო ყრუ პოზიცია ხელისუფლების მხრიდან და არც დღეს არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ამიტომაც, არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. თუმცა, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს ყველაფერი საქმითაც გამოიხატება. თუ ამ განცხადებას მოყვება კონკრეტული ნაბიჯები საქმის მხრივ, ნამდვილად მივესალმები.

პოლიტიკურ ტექნოლოგიებშიც შედის ზოგადად, ასეთი ნაბიჯების გადადგმა და მე ძალიან კარგად მახსოვს ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაპირება ზუგდიდსა და წალენჯიხაში, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ.

„მედიაცენტრი მთავარი“: ბატონო კონსტანტინე, მაინც რა ეტაპზეა ახლა საქმის გამოძიება და რა კონკრეტულ შედეგს ელოდებით მისგან?  

კონსტანტინე გამსახურდია: ისევ იმ ეტაპზეა, რაზეც იყო, მაგრამ დაგეგმილია რაღაც ღონისძიებები და ვნახავთ, რა შედეგებს მოგვცემს.  

დასკვნებზე ლაპარაკი ახლა ზედმეტია, მაგრამ დასკვნები ისეთი უნდა დაიდოს, რომ იქ ბუნების კანონები არ იყოს დარღვეული. არ უნდა იყოს არაპროფესიონალური და სამარცხვინო შედეგი.

„მედიაცენტრი მთავარი“: ამ დროის განმავლობაში ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრა არ გქონიათ?

კონსტანტინე გამსახურდია: ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით ერთადერთხელ, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერი იყო. ძალიან ბევრ რამეს დაგვპირდა მაშინდელი პრემიერი, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გადადგა, თუ გადააყენეს და დაპირებაც დაპირებად დარჩა. სხვას არავის შევხვედრივართ.

“მედიაცენტრი მთავარი”: 31 მარტს ზვიად გამსახურდია 80 წლის გახდებოდა. რას ნიშნავს ეს დღე თქვენთვის, როგორც მისი შვილისთვის?

კონსტანტინე გამსახურდია: როგორც შვილისთვის და როგორც ქართველისათვის, ეს დღე იმ მოღვაწეობის შეჯამებას ნიშნავს, რასაც ქვია ბრძოლა საქართველოსთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, ქართული სახელწიფოებრივობისთვის და ამ სახელმწიფოებრივობის აღდგენისათვის, ფერფლიდან და ნანგრევებიდან.

ასეთი საქართველოსთვის ზვიად გამსახურდიას არ უბრძოლია, სადაც დავობენ მეორე და მესამეხარისხოვან საკითხებზე, არიან ერთმანეთს წაკიდებული, დაპირისპირებული, პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფილნი… ამ მეორე და მესამეხარისხოვანი საკითხების უკან კი, ძალაუფლების და რესურსების გადანაწილება და გაყოფა იმალება, სხვა არაფერი.  

„მედიაცენტრი მთავარი“: საინტერესოა და ალბათ თქვენც არაერთხელ გიფიქრიათ ამაზე, ცოცხალი რომ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა არსებულ რეალობაში მისი პოზიცია?

კონსტანტინე გამსახურდია: არ შედრკებოდა, მაგრამ ბედნიერი ნამდვილად არ იქნებოდა ამ საქართველოსთვის რომ შეეხედა, აღნიშნული მიზების გამო, რაც მოგახსენეთ. კიდევ იმის გამოც, რომ არავინ ფიქრობს და დღემდე სერიოზულად არ მიმდინარეობს მუშაობა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, სამოქალაქო პატრიოტიზმის გასაღვივებლად და ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად.

ის 25 წელია ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ფიგურა თითქოს დღესაც ამთლიანებს პოლიტიკურ ბანაკებად, პოლიტიკურ სექტებად დაყოფილ სპექტრს, დაშლილსა და დაქუცმაცებულ ქვეყანას.

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

Ps. ორშაბათს, პირველ აპრილს 13.00 საათზე, კონსტანტინე გამსახურდია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრებს.

მსგავსი თემები