„კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე დაძაბული და სიურპრიზებით სავსე იქნება. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის უჭირს თქმა, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას თუ ვინმესთან ერთად. ძიძიგური არც იმას გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდთან ითანამშრომლონ. ამ საკითხზე ზვიად ძიძიუგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პარტიაში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები და მისი დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ შევხვდებით 2020 წლის არჩევნებს. თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვღებულობთ მონაწილეობას, ამას პირველი თქვენ გაიგებთ. ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად შევხვდეთ, მაგრამ, ეს არ არის მხოლოდ ზვიად ძიძიგურის, პარტიის თავმჯდომარის მიერ გასაკეთებელი განცხადება. ეს არის მთლიანად პარტიის გასაკეთებელი განცხადება“ – განაცხადა მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, გამორიცხავთ თუ არა ისევ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ზვიად ძიძიგურმა ასე უპასუხა: „არაფერს ვრიცხავ. ჩვენ როცა დატოვეთ უმრავლესობა, ვამბობთ რომ ის დავტოვეთ იმიტომ, რომ მიუღებელი იყო თამაშის ის პრინციპები, რაც მოხდა. ჩვენ ყველანი ვიყავით შეთანხმებულები და 6 თვის განმავლობაში პოპულარიზებას ვუწევდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. უცებ აღმოჩნდა, რომ საკითხი ჩავარდა. ეს არ არის “კონსერვატორებისთვის” მისაღები ურთიერთობები, ამიტომ დავტოვეთ უმრავლესობა. მომავალში რა და როგორი ტიპის თანამშრომლობა გვექნება, ამაზე ამ ფორმატში ვერ ვილაპარაკებ. ჯერ არავინ იცის, როგორი სიტუაცია ჩამოყალიბდება 2020-ის არჩვენების წინ. გეტვით, რომ ძალიან დაძაბული არჩევნები გველოდება და ვერც კი გავიხსენებ ისეთ არჩევნებს, რომელიც ასეთ დაძაბულ წინაპირობას შეიცავდეს. შეიძლება,  პოლიტიკურ ველზე ყოველ წუთს შეიცვალოს ვითარება და   რაღაც სიურპრიზებს ველოდეთ“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები