“მათ უნდოდათ, ვინმე მომკვდარიყო” – დეპუტატი ოპოზიციის ლიდერებს ასახელებს, ვინც შტურმის მოწოდებები დაიწყო

“ამაზრზენი დასანახი იყო იმ კაცის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს იყო შეცდომა,”- ასე აფასებს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე, დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, მედიაცენტრ “მთავართან” საუბრობს.

მისი თქმით, მართლმადიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კოზირი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში და თუ მართლმადიდებელმა ქვეყნებმა მხარი არ დაგვიჭირეს, ძალიან გაგვიჭირდება.

“ეს იყო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმი. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კოზირი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში და თუ მართლმადიდებელმა ქვეყნებმა მხარი არ დაგვიჭირეს, მათთან არ ვითანამშრომლეთ, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ
პარლამენტში ფორუმის ჩატარება იყო უკვე შეცდომა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო კატასტროფა, რითაც იმთავითვე მივეცით კოზირი ოპოზიციას.

ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას მივესალმები, მაგრამ ან არ უნდა დავთანხმებოდით თავიდანვე, რომ საქართველო ყოფილიყო მასპინძელი ქვეყანა, ან უნდა შემოგვეშვა და ყველაფერი ჩატარებულიყო ზომიერების ფარგლებში. თუმცა, ეს კაცი, გავრილოვი კომუნისტია და კომუნისტი და მართლმადიდებელი როგორი შეუთავსებელია ერთმანეთთან ხომ ხვდებით?!”- აღნიშნავს დეპუტატი.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა მოუწოდეს ხალხს, შესულიყვნენ იმ ოთახში, სადაც რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ, რის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც, საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.

“აშკარად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მოუწოდა ხალხს, შესულიყვნენ იმ ოთახში, სადაც რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ. ეს იყო შეფარული მოწოდება. შევიდოდნენ და მერე რა? – რა უნდა გაეკეთებინათ! მათ აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, მათ იგრძნეს სისხლის სუნი. აქციაზე ძირითადი მასა უკანა მხარეს მშვიდად იდგა. საზოგადოების პროტესტი აბსოლუტურად სამართლიანი იყო, მაგრამ ეს პოლიტიკურმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენეს. მარტო ხალხი რომ ყოფილიყო, ფეხქვეშ გავეგებოდი ყველას!

მიხარია, რომ ახალგაზრდები ასე იცავენ ქვეყნის ინტერესებს. გაზის გამოყენება როდესაც დაიწყო 4 ათას კაცამდე იყო დარჩენილი აქციაზე. მაგათ უნდოდათ ვინმე მომკვდარიყო და ერთი ამბავი ატეხილიყო მერე,” – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

დეპუტატი ოპოზიციური პარტიების იმ წევრთა გვარებსაც ასახელებს, ვინც მისი თქმით, შტურმის მოწოდებები დაიწყო და აქციაზე არეულობა გამოიწვია.

“გიგი უგულავა, შალვა შავგულიძე, ნიკა მელია, გია ბარამიძე, გრიგოლ ვაშაძე გამოვიდნენ და თათბირობდნენ. გვარამია ცოტა ხანს დარჩა სათათბიროდ, მათ უნდოდათ კიდევ გაემწვავებინათ სიტუაცია, პროვოკაცია უნდოდათ.

არცერთი პოლიციელი პერიმეტრს იქით არ გადასულა. ვინც მოვალეობას ასრულებდა, ის პოლიციელიც კი, პერიმეტრზე იდგა. კონფლიქტის ინიციატივა “ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღო.

ბოკუჩავას, სამადაშვილს და ნიკა მელიას მიჰყავდათ “პარადი”, იყო ძალადობა, მიწოლა. როდესაც საპოლიციო ძალების ნაწილი გაყვანილი იყო, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იერიში განაახლეს და აუცილებელი გახდა სიტუაცის მართვა პოლიციის მხრიდან,”- აცხადებს დეპუტატი.

სიმონ ნოზაძე თვლის, რომ სრულიად სამართლიანი საპროტესტო ბუნტი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამოიყენეს, იყო ხელისუფლების გამოუცდელობის შეცდომა.

“ყველაფერი ნაციონალების მოწოდებით დაიწყო. პერმანენტული იერეშები მათი ხელწერაა. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, დაახლოებით 20 იერიში განხორციელდა. მათ ხალხიც მოიყვანეს და ააბუნტეს. ჩვეულებრივი ხალხი არ ლეწავდა იქ ყველაფერს, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოყვანილი ხალხი.

რა თქმა უნდა, თუ ძალადობა ხელისუფლების მხრიდანაც გამოიკვეთება, ეს დანაშაულია. მე არ ვიცი რატომ მოხდა ეს შეცდომა, ალბათ, – გამოუცდელობის გამო! იქ, რომ დესტრუქციული ძალების ნაცვლად, სახალხო ლიდერები ყოფილიყვნენ, რომლებიც არ არიან პოლიტიკასთან კავშირში, ან თუნდაც მსახიობები… აქცია ასეთ მწვავე დაპირისპირებაში არ გადაიზრდებოდა,” – აცხადებს სიმონ ნოზაძე “მთავართან”.

მსგავსი თემები