კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება დაამტკიცა და საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც  ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების, ისე ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ.  აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ივნისიდან შევა.

კომუნიკაციების კომისია 1 ივნისიდან მშობლებს აძლევს შესაძლებლობას  საკუთარი შვილები ონლაინ საფრთხეებისგან  დაიცვან. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი სწორედ მშობელს აკისრია. იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

მეორე მხრივ, კომისიამ ვებ-გვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება საკუთარ ვებ-გვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებ-გვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია.

ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებ-გვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის  დამატებით საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებ-გვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები  საკუთარი ვალდებულებებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მედიაწიგნიერების განვითარების  ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. სწორედ ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, როგორიც კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობაა, კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა. მედიაწიგნიერების პროექტები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.  

ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144​11 მუხლის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტში  ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაამტკიცა.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მსგავსი თემები