კომპანია “სვეტის” მიერ მოტყუებული ემიგრანტები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ  

სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრას და “სვეტის” სხვა სამშენებლო კომპანიით ჩანაცვლებას მოითხოვენ. მენაშენეებს მეოთხე დღეა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კომპანიის ოფისი უკავიათ და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შიმშილობენ.

​1000-ზე მეტი დაზარალებული კომპანიას 300 მილიონ ლარზე მეტ თანხას ედავება.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა, თამარ ურუშაძემ განუცხადა, კომპანიის კლიენტები ძირითადად ემიგრანტები არიან, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საქართველოში ჩამოსვლას. ამით ისარგებლა კომპანიის ხელმძღვანელობამ და ისინი მოატყუა. დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ ეს აფიორული სქემა კომპანიის მესვეურებს თავიდანვე ჰქონდა გააზრებული და დაგეგმილი.

“უკვე რამდენიმე დღეა გავერთიანდით და ვშიმშილობთ. იმის ნაცვლად, რომ ახლა დასრულებულ კორპუსში ვცხოვრობდეთ, გვაქვს ის რეალობა, რომ 2 სართულიც კი არ არის აშენებული”, – აცხადებს დაზარალებული მენაშენე.

​მისივე ინფორმაციით, “სვეტს” უამრავი დაზარალებული მენაშენე ჰყავს. კომპანიამ 5 პროექტი წამოიწყო, რომლებიც დღემდე დაუსრულებელია. მათ შორის ერთი ბათუმში, ოლიმპიური ქალაქი.

“2 წლის წინ, როდესაც “ჰაერს” ვყიდულობდით, “სვეტმა” შემოგვთავაზა ათწლიანი შიდა განვადება და რაც მთავარია “ალდაგში” დაზღვეული მშენებლობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაზარალების შემთხვევაში “ალდაგი” სრულად აიღებდა პასუხისმგებლობას და დაასრულებდა მათ დაწყებულ საქმეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ “სვეტს” “ალდაგისთვის” ფული არ გადაუხდია. დიდი დავალიანების შემდეგ “ალდაგიც” გავიდა თამაშიდან. დავრჩით “სვეტის” ამარა. 2 წლის განმავლობაში გვატყუებდნენ. ორი თვის წინ მივმართეთ სასამართლოს. ყველა ერთმანეთს აბარებდა ამ საქმეს. პროცესი იწელებოდა, სადაც 21 ივნისს არ დავიწყეთ მთავარ პროკურატურასთან აქცია. აქციის გამართვის შემდეგ საქმე გადაეცა ფინანსურ პოლიციას, რომელიც ძალიან ორგანიზებულად და სწრაფად რეაგირებს”, – აცხადებს თამარ ურუშაძე.

დაზარალებული მენაშენეები შიმშილობის აქციის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი შუამდგომლობას თბილისის მერიას სთხოვენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორშაბათს შეხვდება დაზარალებულ მენაშენეებს.

აღსანიშნავია რომ, კომპანია “სვეტს” თბილისში ოთხი, ბათუმში კი ერთი დაუმთავრებელი შენობა აქვს.

მსგავსი თემები