“კომერციული ოპერატორის ნაცვლად, მივიღეთ მცირე მასშტაბის და გამოცდილების კომპანია”- მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პორტის მშენებლობის შეფერხების მთავარი პრობლემა სხვა ოპერატორი კომპანიის ჩართულობაა, რომელსაც პორტის განვითარების განსხვავებული მოდელი აქვს წარმოდგენილი. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პორტის ოპერატორს უნდა გაეზიარებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ პროექტს შეიძლება ჰქონოდა, თუმცა მივიღებთ მცირე მასშტაბისა და გამოცდილების, მხოლოდ 5 თანამშრომლით წარმოდგენილი კომპანია. 

„მნიშვნელოვანია, რომ პორტის ოპერატორი იყოს კომერციული ოპერატორი, რომელსაც ექნებოდა სრული პასუხისმგებლობა ტვირთების მოზიდვაზე, ტვირთების დამუშავებაზე, სწორი საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე და, შესაბამისად, ამ პორტის ოპერატორს უნდა გაეზიარებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ პროექტს შეიძლება ჰქონოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ არის რთული რეგიონი, იმის გათვალისწინებით, რომ არის ახალი პორტი; იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ისეთი ბაზარი, რომელიც ასათვისებელია და რომელიც განსავითარებელია; ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიღებთ იმ მცირე კომპანიის, ანუ სხვა ზომის კომპანიის, სხვა მასშტაბისა და სხვა გამოცდილების, მათ შორის მოცულობის მქონე კომპანიის მხოლოდ 5 თანამშრომელს.

ქართულ კომპანიაში, რომელიც იქნება ერთობლივად დაფუძნებული ანაკლიის კონსორციუმთან და ვიღებთ მოდელს, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის კომერციული ოპერატორი პორტის. ხოლო ის კომპანია, სადაც იმუშავებს 5 კაცი,  იქნება მხოლოდ ტექნიკური ოპერატორი. ანუ ის კომპანია იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ იმაზე, რომ პორტი, როგორც ტექნიკური სტრუქტურა, ოპერირების თვალსაზრისით, დროულად გადმოტვირთავს გემებს, დროულად და უსაფრთხოდ განათავსებს კონტეინერებს და მოემსახურება ტვირთის მფლობელებს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები