კომერციული ბანკები ავტოპარკს ელექტომობილებით ჩაანაცვალებენ

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მხარდასაჭერად, კომერციული ბანკების ხელმძღვანელები გეგმავენ, საკუთარი ავტოპარკი ​ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით სრულად ჩაანაცვლონ, ამ მიმართულებით თანამშრომლებიც წაახალისონ.

აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ  ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და თანამშრომლობა შესთავაზა.

კახა კალაძემ დადებითად შეაფასა კომერციული ბანკების ინიციატივა და განაცხადა, რომ მერიის მხრიდან იმოქმედებს გარკვეული შეღავათები, კერძოდ, დედაქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილებისთვის პარკინგი უფასო იქნება. ასევე, დამონტაჟდება ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობები.

დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ კომერციული ბანკების ჩართულობა და ეკოლოგიური პრობლემების დასაძლევად ერთობლივად მუშაობა ეფექტიანი იქნება.

„ დედაქალაქის მერია მთელი რიგი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, სამშენებლო სექტორში შესაბამისი რეგულაციები. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სატრანსპორტო პოლიტიკაა. 2019 წლის ბოლოსთვის არსებულ ავტოპარკს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით მთლიანად ჩავანაცვლებთ, რომლებიც ელექტრო, გაზზე და დიზელზე მომუშავე – ევრო 6 ძრავით იქნება. 2020 წლიდან დამატებით, 200 ერთეული, 18-მეტრიანი ელექტროავტობუსის შემოყვანას ვაპირებთ. პრობლემებთან ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა კი მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ“, – განაცხადა შეხვედრაზე კახა კალაძემ.

კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა, მერიის პროექტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და ეკოლოგიური გამოწვევების წინააღმდეგ თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

მსგავსი თემები